საზოგადოება
მეტროსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ
მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ:

„მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“ – შესაბამისად, მოსახლეობას ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება შეუძლია.

შეგახსენებთ, მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. 

საპასუხოდ, კი თბილისის ვიცე–მერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, -ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ხმალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული - დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სამსახურიდან გათავისუფლება.

„ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და გააგრძელონ დედაქალაქის მომსახურება.


| Print |