საზოგადოება
იარე, ნელა – ახალგაზრდების აქცია ვალეში
ვალეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას გამო, ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. სკოლის მოსწავლეებმა ტრანსპარანტებითა და შეძახილებით

ვალის ცენტრალური საავტომობილო გზა გაიარეს და ხელისუფლებისგან საგზაო ნიშნების დაყენებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტალინის ქუჩაზე, ავარიები ხშირად ხდება.

ახალგაზრდების მსგავსად, ხელისუფლებისგან საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდველების დამონტაჟებას ითხოვენ მასწავლებლები და მშობლები. ვალეში ამბობენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით რწმუნებულსა და პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივების მოთხოვნას, ცენტრალურ გზაზე, სიჩქარმზღუდები ანუ ე.წ."მწოლიარე პოლიციელები" და საგზაო ნიშნები დამონტაჟდეს, ახალციხის მერი პასუხობს. ზაზა მელიქიძე განმარტავს, რომ ოფიციალურდ აღნიშნულის შესახებ მათვის არავის მიუმართავს, ერთადერთი წერილი ვალიდან, ფარნავაზ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიაწოდეს და მათ მოთხოვნაზე რეგირება მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ვალეში, 7 ივნისს, საღამო 6 საათისთვის მოხდა, თვითმხილველების განცხადებით, ბაბუა შვილიშვილს ნაყინს აწვდიდა, რა დროსაც გოგონამ მოულოდნელად გადაირბინა საავტომობილო გზაზე, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ მოასწრო და 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ვალეში, ავარიით გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას საქმეზე მძღოლი დააკავეს. მას ბრალი ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის ედება.


| Print |