საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან სამი წელი გავიდა
13 ივნისის თბილისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა.
2015 წელის 13 ივნისს, მდინარე ვერე ადიდდა და თბილისის ქუჩები დატბორა.
სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისის მერიის მონაცემებით, სტიქიის დროს 200-ზე მეტი ოჯახი და 1 000-ზე ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 22 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი - გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.
დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა - წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა.

უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც.
| Print |