საზოგადოება
ახალციხის მერია "ახალციხელობის" ღონისძიებების ჩასატარებლად კომპანიას არჩევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ,,ახალციხელობის“ ორგანიზების უზრუნველყოფისთვის, 41 826 ლარზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ყოველზე დაბალი შეთავაზება არასამეწარმეო არაკომერციულმა იურიდიულმა პირმა "ბი ჰეფიმ" გააკეთა. ააიპ-მა ღონისძიებების გამართვა ახალციხის  მერიას 32 570 ათას ლარად შესთავაზა. ამჟამად შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.
თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 8 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 ივნისს, 13:30 საათზე დასრულდა.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ შერჩეულმა პრეტენდენტმა 2018 წლის 30 ივნისს, "ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, წმინდანისა და ეროვნული გმირის შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, შემოქმედებითად და ტექნიკურად უნდა უზრუნველყოს 10–საათიანი ღონისძიება 12:00–დან 22:00–მდე.
* სცენის, გახმოვანებისა და განათების სისტემის, დახლების მონტაჟის გარდა, კომპანიამ ახალციხეში უნდა ჩამოიყვანოს ცნობილი ქართული მაღალრეიტინგული ბენდი, (არანაკლები 5 წევრი), რომლებსაც აქვთ ერთად სიმღერის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა. ბენდმა უნდა შეასრულოს ცნობილი სიმღერები ქართული და უცხოური რეპერტუარიდან.
* ცნობილი ქართველი მომღერალი ქალი, რომელიც შეასრულებს არანაკლებ 6 სიმღერას ქართულ და უცხოურ ენაზე.

* დრამ შოუ, არანაკლებ 8 კაცისა, რომლებიც მოაწყობენ მსვლელობას ქალაქ ახალციხის ცენტრალური პარკიდან ახალციხის ციხემდე, მსვლელობის დროს დემონსტრირება შედგება სამ ლოკაციაზე. გამოყენებული იქნება დღის ფოიერვერკების – ფერადი ბოლის ეფექტები.

* რეჟისორი და არანაკლებ 7 მსახიობი, რომლებიც დადგამენ თეატრალურ სანახაობას, სადაც წარმოდგენილი იქნება შალვა ახალციხელის ცხოვრებასთან დაკავშირებული, XII - XIII საუკუნის ისტორიული, თეატრალიზებული სანახაობა. მსახიობებს ეცმევათ შესაბამისი დროის ჩაცმულობები.

* მიმწოდებელმა უნდა მოაწყოს 5 ფანჩატური. ასევე ტრადიციული მესხური სამზარეულო კუთხე.
* საპატიო მოქალაქეებისთვის 3 ცალი მოოქროვილი მედალი და სერტიფიკატი.

* თასები, მედლები და სიგელები სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეთათვის.
* ფოტო და ვიდეო გადაღება დრონით და არანაკლებ 5 წთ. ხანგრძლივობის კლიპის დამზადება.

კონცერტი უნდა დასრულდეს ფეიერვერკით.
| Print |