საზოგადოება
საკრებულომ "საპატიო ახალციხელის" მინიჭების წესი დაადგინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი ცნობილია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №44 დადგენილების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
"ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის", – წერია საკრებულოს დადგენილებაში.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

უფლებამოსილ პირებს, განცხადების შეტანა 27 ივნისამდე შეუძლიათ.
საპატიო მოქალაქეს 13–კაციანი სამუშაო ჯგუფი, ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. მის შემადგენლობაში შედიან:
გელა ნოზაძე – საკრებულოს თავმჯდომარე; გიორგი კოპაძე – ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი; მეუფე თეოდორე – ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი; რუბენ კარაპეტიან – ახალციხის მერის მოადგილე; ზოია ბალიაშვილი – საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"; ამბარცუმ ბაბოიან – საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"; მაკა ბერიძე – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ცირა მესხიშვილი – ასოციაცია "ტოლერანტის" თავმჯდომარე; ციური ლაფაჩი – მუზეუმის დირექტორი; ნანა ნათენაძე – სამხატვრო სკოლის დირექტორი; ვასილ კვინცხაძე, ომარ ჯაყელი, ნათელა იაძე.
| Print |