საზოგადოება
საგაზაფხულო სამუშაოები ზაფხულში
ახალციხეში ხეების ნაწილს ბელავენ, ხმელებს კი ჭრიან.

სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე თითქმის დასრულებულია. აქ ტირიფები სრულად გადაიბელა.

საგაზაფხულო ჭრები ზაფხულში რომ ხორციელდება, ამაზე თვითმმართველობას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ბერიძემ უსაყვედურა.

"გაოცებული ვარ ამ უაზრო ჭრით. თუ ეს საგაზაფხულო ჭრა არის, შუა ზაფხულში როგორ შეიძლება. თუ ეს არ არის, მაშინ რატომ ჭრიან. ბევრი კითხვის ნიშანია. ბევრი რამ კეთდება, მაგრამ გაკეთდეს წესების მიხედვით ისე, რომ ეს ჩარჩოებში იყოს ჩასმული. რომელი მეურნე კაცი მოჭრის თავისი ხელით შუა ზაფხულში ხეს", – განაცხადა მერაბ ბერიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

ზაფხული ხეების გადაბელვისთვის შეუსაბამო დროდ, ახალციხის მერმაც აღიარა. მერიამ ტენდერი 200–მდე ხის გადაბელვაზე გამოაცხადა, თუმცა ამ დრომდე, მხოლოდ 60 ხეა გადაჭრილი. ზაზა მელიქიძის განმარტებით, მხოლოდ ხმელი და ხანდაზმული ხეები მოიჭრა, რომლებიც ავტომობილებსა და ქვეითებს საფრთხეს უქმნიდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვის, დამორვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში, შპს კავკასიმ 24 081 ლარით გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 11 მაისს გაფორმდა, თუმცა ხეების ჭრა ივნისში დაიწყო.

| Print |