საზოგადოება
თეა წულუკიანმა აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი აწყურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, 200–ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

მოსახლეობა ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ისარგებლებს.

53-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა.

თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. აქ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.
ცენტრში ათამდე ადგილობრივი დასაქმდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და წერილობითი მასალა დაათვალიერეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი.

| Print |