საზოგადოება
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა

და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

ცქიტიშვილმა ეს დაპირება დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ გააკეთა. ბოლქვაძე დაინტერესდა, როდის გადაწყდება ხულო-ადიგენისა და ხულო-ბათუმის გზებზე არსებული ვითარება.

ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები და შესაბამისად, 2020 წელს დაგეგმილია ამ გზის დასრულება. რაც შეეხება ბათუმი-ხულოს გზას, 80 კილომეტრიდან 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. 2019 წელს ეს გზა დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი კვლავ მოვლა-შენახვის რეჟიმში იფუნქციონირებს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობის დასრულებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2017 წელს განაცხადა: „მიმდინარე შესყიდვა გვაქვს ახლა ხულო-ზარზმის მიმართულებით. ქუვეიტის განვითარების ბანკის საშუალებით ვაფინანსებთ ამ გზას, რომლის საპროექტო ღირებულება, სავარაუდოდ, 100 მლნ ლარია. ამ გზის დასრულებას ვგეგმავთ ორი წლის განმავლობაში“.

2017 წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქართულ მხარესა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეიტის ფონდს შორის, რის შემდეგაც სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა 8 მლნ ქუვეიტური დინარი ბათუმი (ანგისა) – ახალციხის გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთლიანი პროექტისთვის. აქედან, 24 მლნ ლარი უწყებამ მიმდინარე წელს უნდა აითვისოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის #348 ბრძანებით, თანხა ოთხ კვარტალზე გადანაწილდა. 24 მლნ ლარიდან 1 300 000 – პირველ, 9 000 000 – მეორე, 8 000 000 – მესამე და 5 700 000 მეოთხე კვარტალში უნდა გახარჯულიყო. უწყების 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმის მიხედვით კი ეს გრაფიკი შეცვლილია და I-II კვარტლებში გასახარჯი თანხის რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული.

ორ რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ახალციხეში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენს დროს ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ,,მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთისა და მთიანი აჭარის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 45-კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზის მშენებლობა. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ გზის აშენება.

გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აჭარასთან დააკავშირებს, უმნიშვნელოვანესია ტურისტული თვალსაზრისითაც, რეალურად ახალი კავშირები დამყარდება ახალ კურორტებს შორის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს ორივე რეგიონში".
| Print |