საზოგადოება
საწარმოო ტრავმით, 2018 წელს 29 ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი საშუალო

სიმძიმის არის. მინისტრის თქმით, ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ. მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. მამუკა ბახტაძის განცხადებით,

,,შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - აცხადებს პრემიერი.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას მიუღებელი უწოდა ქვეყნის პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ,,მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს". ამასთან, ირაკლი კობახიძემ ლიბერტარიანული მიდგომების არსებობა გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექციის უფროსის ნიკა კაკაშვილის ინფორმაციით, 2018 წელს, სამუშაო ადგილებზე, საწარმოო ტრავმების შედეგად, 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 მძიმედ დაშავდა, აქედან მხოლოდ შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია - 10. როგორც კაკაშვილმა აღნიშნა, შახტებში მომხდარი შემთხვევების შედეგად მხოლოდ ქვედა რგოლების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი დგება, პირების, რომლებიც რეალური გადაწყვეტილების მიმღებნი არ არიან.

პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქება მეთანის აალებამ გამოიწვია.


| Print |