საზოგადოება
დაღუპული მეშახტეები და გლოვის დღე საქართველოში
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უბედური შემტხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

შსს–ოს პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული 25–ვე შახტი დაილუქება.

"სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.
| Print |