საზოგადოება
დაშავებულებიდან ორი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა
მინდელის შახტში დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ერთს 50%-იანი, ხოლო მეორეს 25%-იანი დამწვრობები აქვს. გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ მათთვის აუცილებელი ოპერაციის ჩატარება 18 ივლისსაა ჩანიშნული.

დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, რომ შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს მათთან მოთავსებულ კიდეც ორ დაშავებულს. ისინი გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ, კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაიწერებიან.

პარალელურად, ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია შახტის დახურვა. ამის ნაცვლად უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ.

„ეს შახტი მთელ ქალაქს ინახავს. დახურვის შემდეგ მთელი ტყიბული პარალიზებული იქნება. ჩვენ გვყავს ოჯახები და შვილები, ასევე გვაქვს ფინანსური ვალდებულებები და შახტის დახურვა არ შეიძლება“, - აცხადებენ "ინტერპრესნიუსთან" აქციის მონაწილეები.

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიუბულის 25–ვე შახტი გამოძიების დასრულებამდე მუშაობას არ განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, აქედან 4 დაშავებული ამჟამად დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.


| Print |