საზოგადოება
მშობელი: ,,ბავშვი ბაღიდან სისხლიანი მაისურით დაბრუნდა"
3 წლის ბიჭი ბაგა–ბაღიდან სახლში სისხლიანი მაისურითა და დალურჯებული სხეულით დაბრუნდა. დედა ამბობს, რომ ბოლო წელია მის შვილსა და მეორე

ცვლის პედაგოგს კარგი ურთერთობა არ ჰქონდათ. ბიჭის მშობლებმა საკითხი აღმზრდელთან არაერთხელ განიხილეს, თუმცა ბოლო საუბრის შემდეგ, ბავშვი სახლში ნაცემი დაბრუნდა.

იგივე პედაგოგის მიმართ შენიშვნები აქვთ კიდევ ერთი აღსაზრდელის მშობლებს. მცირეწლოვანის დედა ამბობს, რომ მადლენა გიორგაძე მის შვილს უდიერად ეპყრობოდა და ამ ფაქტს თავადაც არაერთხელ შეესწრო.

ბოლოს ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, ბაგის მენეჯერს განცხადებით მიმართა.

ბაგის მენეჯერმა საქმეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ჩართო.

თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ ბავშვებთან ხმამაღლა საუბრის გამო, აღმზრდელს შენიშვნა თავადაც რამდენიჯერმე მისცა.

ბავშვებზე ძალადობის ფაქტები შეისწავლა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ. პედაგოგს გაფრთხილება მისცეს.



რამდენიმე დღეში ბაგას კიდევ ერთი ნაცემი ბავშვის მშობელმა მიმართა. მადლენა გიორგაძემ 19 ივლისს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

მადლენა გიორგაძე ახალციხის პირველ ბაგაში რვა წელი მუშაობდა. ყოფილ პედაგოგს სახლში მივაკითხეთ.

მან სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დაასახელა და ბოლო დროს ბავშვებზე ძალადობა უარყო.

ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, პირად საუბარში კი წარსულში აღსაზრდელებთან არასათანადოდ მოპყრობის გამო მიღებული საყვედური არ დაუმალავს.

ბავშვებზე შესაძლო ძალადობის საქმეში არ ჩართულა ფსიქოლოგი და სოციალური მომსახურების სააგენტო.

სპეციალისტების თქმით, პრობლემა აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციაა. ისინი გამოსავალს პედაგოგების გადამზადებაში ხედავენ.


| Print |