საზოგადოება
40 წლამდე პირებს საპენსიო თანხის დაზოგვა დაევალათ
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო და 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება. რის შემდეგაც, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს.

40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

კანონის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში "საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში" - ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის ფულის უდიდესი ნაწილი განთავსდება მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში.

ანუ მთავრობის შიდა ვალში. მეტიც, ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგაც, დაზოგილი თანხის ნახევრის სამთავრობო შიდა ვალში ჩადება იქნება შესაძლებელი. ფონდის დანარჩენი აქტივები კი, კერძო რესურსებში უნდა ჩაიდოს.

პროექტის მიხედვით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. მოქალაქეს დაზოგილი თანხის ნაადრევად მოთხოვნის უფლება ექნება თუ ის შშმ პირი გახდება. პირს დაზოგილი თანხის ნაადრევად გამოტანის უფლება მიეცემა, თუ ის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის, თუმცა, ამ შემთხვევაში თანხას ⅓ აკლდება (ანუ სახელწმიფოს კონტრიბუციის ⅓).

სავარაუდოდ, მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ სისტემაში ვალდებულების კომპონენტი ჩადო, არის ის, რომ ვალდებულების გარეშე მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი გადაწყვეტდა რეფორმაში ჩართვას. ამ პრინციპით კი, მათ არჩევანი უბრალოდ არ აქვთ.

რეფორმა პირველ რიგში ეხება მათ, ვინც ხელფასს კონტრაქტის საფუძველზე იღებს, თუმცა რეფორმის მოდელი თვითდასაქმებულების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობასაც უშვებს.

კანონპროექტის მიხედვით, თვითდასაქმებულთათვის სისტემაში ჩართვა სრულად ნებაყოფლობითია, თუმცა ჩართვის შემთხვევაში მათ ფონდში არა 2%-ის, არამედ 4%-ის გადახდის ვალდებულება უჩნდებათ.

"თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია იქნება დაახლოებით 500 ლარს (დღევანდელი მსყიდველუნარიანობით იგულისხმება) პლუს საბაზისო პენსია",- ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე.
| Print |