საზოგადოება
ახალციხის ბაღში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის შესწავლა დაიწყო
ახალციხის #1 ბაგაში, აღმზრდელის მიერ ბავშვებზე შესაძლო ძალადობის დასადგენად, სოციალური მომსახურების სააგენტომ და შსს–მ საქმის შესწავლა დაიწყეს.


სოციალური მომსახურების სააგენტოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებამ 24 ივლისს, მას შემდეგ მიმართა, როცა შესაძლო ძალადობის ფაქტზე "მე–9 არხმა" სიუჟეტი მოამზადა.

უწყებაში ამბობენ, რომ სოციალური აგენტი უკვე ესაუბრა ბავშვსა და მშობლებს. ამ ეტაპზე მცირეწლოვანის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს. ფსიქოლოგის ჩართვაზე სააგენტოს ოჯახმა უარი განუცხადა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, 24 ივლისს დაიწყო საქმის მოკვლევა შსს–მ.

უწყებაში ამბობენ, რომ ბავშვებზე შესაძლო ძალადობის დასადგენად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბაგის აღმზრდელს ბავშვებთან არასათანადო მოპყრობაში, მშობლები ადანაშაულებენ.

| Print |