საზოგადოება
რეგიონული განვითარების სააგენტო ვეტერანებს მოლაპარაკებას სთავაზობს
სკოლა–პანსიონის ყოფილ შენობაში მცხოვრები ვეტერანების ოჯახებს, რეგიონული განვითარების სააგენტო, გამოსახლებამდე მოლაპარაკებას სთავაზობს.

ამის შესახებ ორგანიზაციამ იმ ვეტერანს, რომელმაც უზენაეს სასამართლოში იჩივლა, წერილობით 25 ივლისს მიმართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონული განვითარების სააგენტო გეგმავს გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ობიექტზე. პირველ ეტაპზე დაგეგმილია დაწყებული სამუშოების დასრულება და სამი ოთახის რეაბილიტაცია.

"კიდევ ერთხელ სააგენტო ავლენს კეთილ ნებას და გთავაზობთ მოლაპარაკების საფუძველზე მოხდეს შეთახმების წერილის გაფორმება ნოტარიულად ობიექტის ეტაპობრივად დატოვების შესახებ", – აღნიშულია წერილში.

სააგენტო არ იღებს ვალდებულებას ობიექტის სამუშაოებიდან გამომდინარე შესახლებული პირების უსაფრთხოებაზე.

ორგანიზაცია ვეტერანების პასუხს ერთი კვირის ვადაში ელის.

"წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით მივმართოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ გამოსახლების პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით"
, – წერია განცხადებაში.

ახალციხის მერიაში კი ამბობენ, რომ გამოსახლების პროცესს იქამდე არ დაიწყებენ, სანამ ვეტერანების ოჯახები ალტერნატიული ფართით არ დაკმაყოფილდებიან.

შეგახსენებთ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ პეტრე იბერის #17–ში შეჭრილი ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.


| Print |