საზოგადოება
წინუბნის მოსახლეობა საპროტესტი აქციას მართავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, 50–მდე ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, აქციას მართავს.
მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ცენტრალური გზისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა სოფლის მთავარი პრობლემის გადაჭრას, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან.

"უკვე რამდენი წელია ეს პრობლერმა გვაწუხებს. ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ გზა დაიგება. მაგრამ ვიყავით მერიაში და გვითხრეს, რომ 2019 წლამდე არ გაკეთდება. უამინდობის დროს სასწრაფო დახმარების მანქანა სოფლამდე ვერ მოდის", – ამბობს აქციის მონაწილე.

აქციაზე მერის წარმომადგენლის გამოჩენას რწმუნებულსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეობამ მას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაახსენა.




კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ხელისუფლებას სთხოვენ – სასმელი წყალია.

"წყალი განსაკუთრებით დაბინძურებულია როცა წვიმს. რამდენიმე დღის წინ ონკანს ბაყაყი გამოყვა. არ იწმინდება სათავე ნაგებობა. ასე მთელი სოფელი დაავადდება" – ამბობენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს მერის პირველი მოადგილე შეხვდა. გურამ მელიქიძე წინუბნელებს დაპირდა, რომ გზის პროექტი შეძენილია და 2019 წელს განხორციელდება. დაახოებით, 1 მლნ. ლარი დასჭირდება.

რაც შეეხება სასმელ წყალს – მელიქიძის თქმით, წყალი ტექნიკური დანიშნულებისაა და სასმელად არ გამოიყენება. ამ პრობლემის გადაჭრასაც, თვითმმართველობა 2019 წელს გეგმავს.

| Print |