საზოგადოება
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს
რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს, ახალციხის ცენტრალურ პარკში პატივი მიაგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა იოანემ გადაიხადა.
ახალციხის მერის თქმით, სკვერებსა და ქუჩებს, ომში დაღუპული გმირების სახელი მიენიჭებათ. გარდა ამისა, თვითმმართველობა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის მოწყობაზე ფიქრობს.
საზოგადოებამ ახალციხის ცენტრალური პარკიდან სამუსიკო სკოლაში გადაინაცვლა, სადაც კულტურის სამსახურის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი", სახალხო მთქმელი ვასილ კვინცხაძე და ივლიტის მგალობელთა გუნდი იღებდა.

საქართველო აგვისტოს ომის მეათე წლისთავს აღნიშნავს.
რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო მოსამსახურე, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
ომში დაიჭრა 1 747 პირი. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე მოქალაქე.
სამცხე–ჯავახეთიდან აგვისტოს ომში ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ადიგენიდან – ალექსანდრე ზაზაშვილი, არტემ ბალახაშვილი და დევი ჩადუნელი;

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხიდან – ტარიელ ქამაშიძე;

ახალციხიდან – ანზორ გელდიაშვილი;

ახალქალაქიდან – თამაზ მელიქიძე.

| Print |