საზოგადოება
პატარა ქალაქი ბევრი პრობლემით
,,პატარა ქალაქი ბევრი პრობლემით" - ახალციხის გამოკითხული მოსახლეობა ქალაქის მდგომარეობას ერთი წინადადებით ასე აფასებს.

ახალციხელები ქალაქის სამ მთავარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. სიის სათავეში პრიორიტეტულ ადგილს წყალი იკავებს.

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები გრიგორ აგაბაბიანი წუხს, რომ, სასმელი წყალი ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც ხალხს ყველა ხელისუფლება პირდება.

,,მესხეთის ქუჩას წყალი გრაფიკით და მცირე დებეტით მოგვეწოდება. დილით სახლში თუ არ იქნები, მთელი დღე უწყლოდ დარჩები".

წყლით გამოწვეული პრობლემების შესახებ ჩივიან კლდიაშვილის ქუჩაზეც. ადგილობრივები ამბობენ, რომ 24 საათიან წყალმომარაგებას უკვე ორი წელია ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.

სასმელი წყლის გარდა, ახალციხის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებს. სოფელ სხვილისში მცხოვრები ლაურა კარაპეტიანი ამბობს: ,,რა აზრი აქვს მეტის დათესვას, უფრო მეტ ზარალს მივიღებთ. ჩვენ გლეხებს რა შეგვიძლია, ველოდებით, შეიძლება დაგვეხმარონ".

კარაპეტიანი იხსენებს, რომ სარწყავი წყალი ადგილობრივების შორის უთანხმოების მიზეზი არაერთხელ მომხდარა. ,,გავიგე, რომ წელს იაპონიის საელჩოსთან ერთად ახალციხის მერია თვითდინებადი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, თუმცა აღარ მჯერა, რომ ოდესმე ეს პრობლემა მოგვარდება".

,,წელს ახალციხეში სარწყავი სისტემა 11 სოფელში გაკეთდება. ჩვენ ვცდილობთ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ყველა სოფელში"– აცხადებს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ახალციხელების კიდევ ერთი პრობლემა ჩაბნელებულია. ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებნი ჩივიან, რომ ახალციხეში თითქმის ყველა ქუჩაზე არსებობს გარეგანათება, მათ ქუჩის გარდა.

,,ყოველთვის გვპირდებიან, რომ თანხას გამოყოფენ ბიუჯეტიდან და შეაკეთებენ. იქნებ თქვენ გვიშუამდგომლოთ მერიასთან და გაანათონ ქუჩა. გვეშინია ღამე გარეთ გამოსვლა, უპატრონო ძაღლებმა ხიფათს რომ არ გადაგვყარონ"– ამბობს ფალიაშვილის 26–ში მცხოვრებ რიტა ეგიკიანი.

რიტა ამბობს, რომ მეზობლებმა მერიას გარე გათენების დამონტაჟება არაერთხელ სთხოვეს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში აწუხებთ ბუნებრივი აირის უქონლობაა. სოფელ საძელში დაპირებული ბუნებრივი აირის შეყვანას ამ დრომდე ელიან.

,,ბუნებრივი გაზი ისე გვჭირდება, როგორც წყალი. ყველა სოფელში არის, ჩვენს გარდა. ვიყავით მერიაში და გვითხრეს, რომ 2019 წლამდე გაკეთდება"– ამბობს მარიამ არუთუნიანი.

ახალციხის მერიაში პასუხობენ, რომ პროექტი უკვე შედგენილია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
| Print |