საზოგადოება
დაშვებული სახელმწიფო დროშები
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ახალციხელ ვეტერანებთან ერთად, ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად კი პანაშვიდი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ გადაიხადა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს მიმდინარეობდა. ომში სამცხე-ჯავახეთიდან 27 მებრძოლია დაღუპული.

ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
| Print |