საზოგადოება
მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს ქსენოფობიური განცხადებების გამო აკრიტიკებს
განცხადება, რომელსაც 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ოთხ ოქტომბერს გავრცელდა.



"არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას", – ნათქვამია განცხადებაში.



არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს: "საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას".



არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.
“უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია.



ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
- სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.
- საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან.
სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, ზურაბიშვილმა ამ განაცხადებით კანონმდებელმაც დაარღვია და ცესკო-ს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ იმ მუხლზე რეაგირებას სთხოვს, რომელიც კრძალავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

| Print |