საზოგადოება
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ახალციხეში 15 ოქტომბერს იმსჯელებენ.
საინფორმაციო შეხვედრა 12 საათზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, სახალხო დამცველის აპარატისა და შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შეხვდებიან.
14:00 საათზე ამავე თემაზე დისკუსია ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართება. შეხვედრას "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი გახსნის. დისკუსიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

პარლამენტის წევრი ქალთა უფლებებზე, მათ პოლიტიკურ ჩართულობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისაუბრებს. შსს–ს თანამშრომელი კი ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილებს ყურადღებას. დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის სასაუბრო თემა.


ღონისძიებები ხორციელდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.
| Print |