საზოგადოება
ახალციხეში სკვერებს ომში დაღუპული მებრძოლების სახელი მიანიჭეს
სოფელ აგარაში რეაბილიტირებული სკვერი, ამიერიდან მარატ ნოზაძის სახელს ატარებს.

ადგილობრივების ინიციატივას მხარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაუჭირა. ჯარისკაცი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, განაღმვისას დაიღუპა.

წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ნუგზარ ექსოულიძის სახელი მიენიჭა სოფელ ტყემლანაში მოწყობილ სკვერსაც. ამ ინიციატივით სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართა. ნუგზარ ექსოულიძე ტყემლანაში დაიბადა. ის 1992 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთში, სოფელ ტამიშთან, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისას დაიღუპა.

დეპუტატები სახელდების კომისიის გადაწყვეტილებას, სოფელ გიორგიწმინდის სკვერზე ელიან. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, სკვერს როინ სამსონიძის სახელი მიენიჭება. მესხი მებრძოლი აფხაზეთში დაიღუპა.
ახალციხის მერია აპირებს, რომ მუნიციპალიტეტში მოწყობილ ყველა რეკრეაციულ ზონას, ომში გმირულად დაღუპული მეომრების სახელი მიანიჭოს.

| Print |