საზოგადოება
ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრად მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია.

გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს.

იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა.

ახალგახსნილი იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად ახალქალაქში კონცერტი გაიმართა. მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა.

| Print |