საზოგადოება
დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
აწყურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა შორის ორი ბავშვია – 6 და 8 წლის.

ექიმების ინფორმაციით, უფროსის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პატარას მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის ჯგუფი მას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანს.

სასწრაფო დახმარების ექიმი კონსტანტინე დგებუაძე ამბობს, რომ ცხრა დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია ექვს მათგანს დაჭირდა.

,,დაგხვდა ათი დაზარალებული, აქედან ერთი უკვე გარდაცვლილია, ორი შედარებით მსუბუქი, ხოლო ექვსი საკმაოდ მძიმეა, რომელთაც დაჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ავადმყოფები არიან. ორია ბავშვი – ექვსი და რვა წლის, პატარა პოლიტრამვით არის, შედარებით მსუბუქია უფროსი ბავშვის მდგომარეობა" – აცხადებს ექიმი კონსტანტინე დგებუაძე.



ავტოკატასტროფას, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს, 19:07 საათზე მოხდა, ახალციხის მკვიდრის, 50 წლამდე მამაკაცის, მ.თ.-ს სიცოცხლე შეეწირა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

| Print |