საზოგადოება
წიწვოვანი ტყიდან ხეხილის ბაღებში გადატანილი ტუბსაავადმყოფო
აბასთუმანში მცხოვრები ეთერი ბალახაძე სანატორიუმ ზეკარიდან ტუბსაავადმყოფოს სოფელ აბასთუმანთან გადატანას შეცდომას უწოდებს,

რადგან მიაჩნია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს ეს გადაწყვეტილება კარგ შედეგს არ მოუტანს.

აბასთუმანში ამბობენ, რომ კურორტის უნიკალურობა სწორედ მის კლიმატშია. წიწვოვანი ტყიდან ხეხილის ბაღებში გადატანილი სამედიცინო ცენტრის ეფექტურობის არ სჯერათ აბასთუმანში.

აბასთუმანი 2020 წლამდე ოთხ სეზონიანი მსოფლიო დონის კურორტი გახდება – აცხადებს ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს დირექტორი. რეზო ჟღენტი ამ განცხადებას მმართველი პარტიის თავმჯდომარის დაპირების საფუძველზე აკეთებს. ამისთვის კი კურორტზე არაერთი ცვლილება განხორციელდება. ერთ–ერთი აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოა, რომელიც ადგილს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით იცვლის.



ამჟამად ტუბსაავადმყოფოში 55 პაციენტი მკურნალობს. მათი უმრავლესობა ძირითადად ექვს ან თორმეტ თვიან კურსს გადის. გამოკითხულთა პაციენტები ამბობენ, რომ საავადმყოფოში მკურნალობის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა კურორტიდან შენობის სოფელთან გატანის შემთხვევაში რამდენად ეფექტური იქნება მათი მკურნალობის შედეგი ამაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

კურორტ აბასთუმნის შესასვლელთან 100 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შენდება. აქედან ტუბერკულოზით მკურნალობა მხოლოდ 30 მათგანს შეეძლება. საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ სამედიცინო ცენტრის ადგილი სწორად არის შერჩეული, საწოლების რაოდენობაც ნორმალურია. რევაზ ჟღენტის თქმით, ცენტრში პროფესიული ნიშნით დაავადებული პაციენტებიც იმკურნალებენ.

ტუბსაავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდება, ტექნიკით აღჭურვა კი სავარაუდოდ აგვისტომდე გაგრძელდება. პაციენტები ახალ სამედიცინო ცენტრში მკურნალობას მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყებენ.



აბასთუმნის შესასვლელში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 15 სექტემბრიდან დაიწყო. შპს ,,არალი“–ს პროექტების მენეჯერი, ტუბსაავადმყოფოს დირექტორის მსგავსად განმარტავს, რომ ცენტრისთვის ადგილი სწორად შეირჩა, არც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, იგი ინტენსიურად მიმდინარეობს.

სამსართულიანი კორპუსი, რომელიც ევროსტანდარტებით იქნება აღჭურვილი ფონდ ,,ქართუ“–ს დაფინანსებით შენდება. სამუშაოებს შპს ,,არალი“ კომპანია ,,პოზიტივის“ დაკვეთით ახორციელებს.

| Print |