საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა
„დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა მაგრამ მას არ აცადეს,“ - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელებიც შეუერთდნენ.

ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას.

თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ, 25 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს შუბლში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მოკლულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ხნის განმავლობაში კითხვებზე პასუხებს უშედეგოდ ითხოვს.

„არაფრის გამო ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არის დანაშაული, რომელიც მთელს სახელმწიფოს და ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უჭირთ საუბარი იმიტომ, რომ ამათ მოკლეს ბავშვი თავსი მშობლების წინ, მძინარე“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ სიცრუეა ის ფაქტი, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილმა დაჭრის შემდეგ ხელყუმბარის გახსნა სცადა, რადგან იმ სახეობის იარაღიდან გასროლილი ტყვია, რომლიდანაც თემირლანს ესროლეს, მომენტალურად ადგილზე კლავს.


| Print |