საზოგადოება
ზემო სხვილისი მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს,

- ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, 26 ნოემბერს, იმსჯელეს. მთავრობის მეთაურის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით.

სტატუსის მინიჭების საკითხი, რომ გადასახედია ამის შესახებ ზემო სხვილისის მოსახლეობა საუბრობს. ადგილობრივები წუხან, რომ მაღალმთიანობისა და მიგრაციის მიუხედავად, სოფელს სტატუსი ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს.

2014 წლის მონაცემებით, ზემო სხვილისი ზღვის დონიდან 1050 მ სიმაღლეზე მდებარეობს და 278 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, მაღალმთიანი სტატუსი მინიჭებული აქვს და შეღავათებით სარგებლობს მეზობლად მდებარე სოფელი – ქვემო სხვილისი, რომელიც ასევე 2014 წლის მონაცემებით, ზღვის დონიდან 1020 მეტრ სიმაღლეზე და 1033 ადამიანი ცხოვრობს.

ზემო სხვილისში მცხოვრები ლამარა ღონღაძე წუხს, რომ სოფელი ამ დრომდე უსტატუსოდ არის დარჩენილი.

,,გული მწყდება, ჩემს გვერდზე მცხოვრები ადამიანი პენსიას 216 ლარს იღებს, მე კი 180 – ს, ჩვენ მაღალზე ვართ და მაღალმთიანში ვერ მოვხვდით. სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ბავშვები სკოლაში ან ქვემო სხვილისში ან ქალაქში მიჰყავთ. არც ბაღი გვაქვს, არც მაღაზია.“



ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის ნაწილი მაღალმთიან ზონაში გავიდა, ნაწილი კი არა, სტატუსი სოფლის მხოლოდ ქვედა ნაწილს მიანიჭეს, რამაც ზემო სხვილისში მცხოვრებთა პროტესტი არაერთხელ გამოიწვია. სხვილისის მოსახლეობა სტატუსის მინიჭების გამო, სოფლის ორად გაყოფას აპროტესტებს. ადგილობრივებისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით გაიყო სოფელი. ზემო სხვილისს, ქვემო სხვილისისგან განსხვავებით ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.

,,ამბობენ, რომ ემიგრანტები ბევრი ჰყავთ და სოფლელებს უჭირთ, დიდი სოფელია და ნახევარი არ არისო, მაგრამ ემიგრანტები ჩვენც გვყავს. თითქმის ყველა ოჯახიდან არიან გასულნი, ჩემი შვილებიც მათ შორის. დაბლა სკოლა აქვთ, ბაღი აქვთ, წყლის პრობლემა არ აწუხებთ, უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ აქ, თუმცა მაღალმთიანში მაინც არ გადაგვიყვანეს“ – გვიყვება ლამარა ღონღაძე.


საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მთავრობისთვის პრიორიტეტია მთაში მცხოვრებთა მაქსიმალური ხელშეწყობა და მოსახლეობის დაბრუნება, რაც კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა მთის პრობლემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღების დათმობის აუცილებლობას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დროულად და ეფექტიანად მოგვარების აუცილებლობას.

მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1730 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს.

2017 წლის განმავლობაში, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემულია 66 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება და დანამატები, რათა მთის მცხოვრებლებს პირობები შეუმსუბუქდეთ და მთაში შენარჩუნდეს მოსახლეობა.

| Print |