საზოგადოება
ახალციხის მერია საახალწლოდ 46 000 ლარს დახარჯავს
ახალციხის მუნიციპაიტეტის მერიამ, საახალწლოდ სამი ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლება საახალწლო განათებას (17 050 ლარი), ტკბილეულს (10 188 ლარი) და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებას (19 057 ლარი) ყიდულობს.

საახალწლო განათების შესაძენად ტენდერი 17 050 ლარზეა გამოცხადებული. შეჩეულმა კომპანიამ ამ თანხაში უნდა შეიძინოს:

200-მეტრიანი გრილიანდი, ორი ცალი ლედ მანათობელი მილი ნეონური ნათებით, 100 ცალი ვერტიკალური, ფერადი სტრინგი (100 ლედი), 160 ცალი ვერტიკალური, ფერადი სტრინგი (200 ლედი), 15-მეტრიანი მანათობელი მილი.
ნაძვის ხის სათამაშოები: 10 ცალი ფიფქი, 20 ცალი წითელი და ოქროსფერი ბურთი.

ტკბილეულის შესაძენად ელექტრონული ტენდერი 10 188 ლარზეა გამოცხადებული. პრეტენდენტს მოეთხოვება 759 კგ. რამდენიმე სახის შოკოლადის, ვაფლის ნამცხვარის და სხვადასხვა ტკბილეულის შეძენა. ამავე თანხაში გათვალისწინებულია 792 კგ. შაქრის შესყიდვა, რომელსაც სასურსათო პაკეტებთან ერთად მოსახლეობას დაურიგებენ.

სავარაუდოდ, 19 057 ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის. ამ თანხაში შედის 300 ცალი მისალოცი ბარათის დამზადება, ოთხი ბანერის დაბეჭდვა წარწერით ,,გილოცავთ ახალ 2019 წელს“, 3 თოვლის პაპა და 3 სანტა კლაუსი, რომლებიც 28 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე მოივლიან მუნიციპალიტეტის სოფლებს, მიულოცავენ დამდეგ ახალ წელს და დაურიგებენ ბავშვებს ტკბილეულს. ხოლო 31 დეკემბერს კონცერტის დაწყებამდე ცენტრალურ პარკში დაარიგებენ ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის ტკბილეულს.

საახალწლო ფიგურები დამონტაჟდება ცენტრალურ პარკში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერსა და 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სკვერში.

26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად 2 საათიანი კონცერტი გაიმართება ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.

საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქ ახალციხის 13 სკვერი, ვალე, სხვილისი, წყალთბილა, აწყური, აგარა, წნისი, მინაძე და მუსხი.

სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დასრულდება. 

| Print |