ნიკა რურუა სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან.
პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.
ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.
2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად.
2010 წლის 30 ივნისიდან სამინისტროს სახელი შეეცვალა და დაერქვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ნიკოლოზ რურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღების ინიციატორი.
ნიკოლოზ რურუას ჰყავდა სამი შვილი, ელისაბედი, მარიამი და გიორგი. რურუა იყო ჯაზური მუსიკის კოლექციონერი და ქალაქ ბათუმის Black Sea Jazz Festival-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გატაცებული იყო სპორტით, კალათბურთითა და კრივით. გარდაიცვალა ქ. თბილისში 2018 წლის 4 დეკემბერს.