საზოგადოება
ფოკაში დაძაბულობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯავახეთის სოფელ ფოკაში ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ მეუფე ნიკოლოზის სახლები გადაწვა.

ფეისბუქ მომხმარებელი წერს, რომ ფოკის დედათა მონასტრის სასულიერო პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ვითარება დაიძაბა.

,,მეცხრე არხმა" გაარკვია, რომ საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული ორი სახლი მოსახლეობამ მართლაც გადაწვა, მაგრამ არა სასულიერო პირებთან დაპირისპირების გამო, არამედ იმიტომ, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული იქ დროებით ცხოვრობდა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სოფელში ამჟამად მშვიდი ვითარებაა და მოსახლეობასთან ურთიერთობა ძველებურად გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულის ოჯახის საქონლის სადგომი, რომელიც ადგილობრივებმა 5 დეკემბერს გადაწვეს, სოფლის მიტოვებულ შენობებში იყო განთავსებული და იურიდიულად ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ეკუთვნის.

3 დეკემბერს, ნინოწმინდის მინიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, ბრალდებულმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

სოფლის მოსახლეობამ ბრალდებულის საცხოვრებელი ორი სახლი, რომელთაგან ერთი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის კუთვნილებაშია, საქონლის სადგომი და ავტომობილები დაწვა. პოლიციამ ბრალდებულის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

,,3-5 დეკემბერს ნინოწმინდის რაიონში, სოფლებში ფოკასა და ასფარაში ხანძრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობა დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება 3-იდან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

სწორედ ამ ფაქტზე საუბრობს მომხმარებელი თავის გვერდზე სოციალურ ქსელში და ფაქტს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

პოსტი ფეისბუქში სწრაფად ვრცელდება.

| Print |