კულტურა
მესხური ხაში ყაისაფა და ტკბილეული ბაქმაზით - კერძები მესხურ სუფრაზე
ნოყიერი - ამ ერთი სიტყვით ახასიათებენ მესხურ კერძებს ადგილობრივები. სამცხე-ჯავახეთის კუთხურ სამზარეულოში ძირითადად, ცომისგან დამზადებული კერძები შედის.

მაყვალა ასპანიძე ჰალვისთვის ფქვილს ხალავს. დიასახლისი განუწყვეტლივ ურევს, რომ ხორბლის ფქვილი არც თეთრი დარჩეს და არც დაიწვას. ამ ტკბილეულს სხვა კუთხეშიც შეხვდებით, თუმცა მხოლოდ მესხეთშია, რომ ჰალვას ბაქმაზს უმატებენ.

„ადრე ამდენი სახეობის კანფეტი არ იყო. ამიტომ ჩვენი ტკბილეული იყო ჰალვა. მოხალულ ფქვილს ვუმატებთ ბაქმაზს. სქელი მასა გადაგვაქვს თეფშებზე და სასურველ ფორმას ვაძლევთ. ჰალვის ზედაპირზე ფიგურების გამოხატვა და დაჭრელება ბავშვებისთვის გვაქვს მინდობილი“, - გვიყვება დიასახლისი, რომელიც ასპინძის სოფელ ნიჯგორში ცხოვრობს.
მაყვალა ასპანიძე ბაქმაზით მხოლოდ ჰალვას არ აკეთებს. თუთის წვენის დუღილით მიღებულ ნაწარმს, მესხები სხვა ტკბილეულის დასამზადებლადაც იყენებენ. საახალწლო სუფრაზე ყველას ოჯახში თაფლით მომზადებული გოზინაყი დევს. სამხრეთ საქართველოში ყველაფერი სხვაგვარადაა. მხოლოდ ამ კუთხეში ნახავთ გოზინაყს, რომელიც ბაქმაზითაა მომზადებული.
ყაისაფას მესხურ ხაშსაც ეძახიან. სამცხეში ამბობენ, რომ ამ წვნიანი, მომჟავო კერძის მირთმევა განსაკუთრებით, ნაბახუსევზეა სასიამოვნო. სწორედ ამიტომ დაიმსახურა მესხების მოწონება ამ კერძმა საუკუნეების წინ.

ასპინძელი დიასახლისები იხსენებენ, რომ ძველად, მესხეთში რამდენიმედღიანი ქორწილი იმართებოდა, რომელიც დასრულებულად მხოლოდ მაშინ ითვლებოდა, როცა სტუმრებს ყაისაფით გაუმასპინძლდებოდნენ.

მისი მომზადება ძალიან მარტივია. მხოლოდ ჩირი, ერბო, ჭანჭურის ,,პავიდლო" და ხახვია საჭირო.

ყაისაფას მესხების სუფრაზე ახლა იშვიათად შეხვდებით. ციალა ლონდარიძე ასპინძაში ცხოვრობს. 80 წლის ქალი ამბობს, რომ კერძს ძველი რეცეპტით მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მსუბუქი და განსხვავებული კერძის მირთმევა სურს.

„ჩემს ოჯახში შვილებს და შვილიშვილებს მაინცდამაინც არ უყვართ, ამიტომ იშვიათად და ცოტას ვაკეთებ. მარტო მე და ჩემი ქმარი ვჭამთ. ახალგაზრდები საჭმელებს პიკანტურს რომ ეძახით, ჩემი აზრით აი ეგეთია ყაისაფა - თან მჟავე და თან მოტკბო“, - ამბობს ციალა ბაბო.

მესხური, გამორჩეული კერძები დავიწყებას რომ არ მისცემოდა, ისტორიკოსმა თინა იველაშვილმა კუთხურ სამზარეულოზე წიგნი ჯერ კიდევ 1991 წელს გამოსცა. მასში სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების მომზადებაა აღწერილი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს. 2019 წელს მესხური კერძების რეცეპტები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცემა.

,,დღეს ბევრი კერძი მივიწყებულია და ახალგაზრდებმა მათი დასახელებაც არ იციან. წიგნში ყველაფერი გადმოვეცი, რასაც ადრე ვაკეთებდით და კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული. ეს კერძები მესხების სავიზიტო ბარათია, რომელიც ტურისტებს ძალიან მოსწონთ. დაინტერესება დიდია, ამიტომ წიგნის თარგმნა ორ ენაზე ვამჯობინე. ვიცი, რომ ამით ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას აუცილებლად დავიცავ“ - ამბობს თინა იველაშვილი.

ბიში, ყაისაფა, თუთმაჯი, ირონი, ერიშტა, ლუხუმი, თათარბერაკი - ამ კერძებს სამცხე-ჯავახეთში შეხვდებით. მესხურ სამზარეულოში ერბოსა და ცომისგან მომზადებული საჭმელი სჭარბობს.რეგიონში მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას მისდევდნენ და როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მძიმე ფიზიკური შორმის ფონზე, მათთვის ნოყიერი სადილი აუცილებელი იყო.

| Print |