საზოგადოება
ნახევარი საუკუნე იდენტობის ძიებაში - რეპატრირებული მესხის ისტორია
სიარული უკვე უჭირს, თუმცა საღამოობით ეზო–კარს თვალს მოავლებს, ხოლმე და სახლში ისე შედის. ვახშმის წინ გუგუმით თუნგში ხელების დაბანაში, ტრადიციულად, შვილიშვილი ეხმარება და სუფრის გაშლამდე წარსულში მოგზაურობა იწყება.

ალიხან ყურაძის წარსულის ათვლის წერტილი შვიდი წლის ასაკია. მაშინ ბავშვობა დასრულდა და მტანჯველი ბრძოლა დაიწყო. იმ საღამოს ბებიასთან იყო. ახსოვს, რომ სოფელში შეგროვებული ხალხი დიდ ეკრანზე, ღია ცის ქვეშ, ომზე დოკუმენტურ ფილმს უყურებდა. ჩაეძინა... კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია – ფარებანთებული მანქანები, გაქცეული ხალხი,შიში, ნერვიულობა.

ეს 1944 წლის 15 ნოემბერი იყო. ღამე, რომელიც 220 ათასამდე ადამიანისთვის ჯოჯოხეთად იქცა. მათ შორის იყო ალიხან ყურაძე, რომელიც სოფელ აბასთუმნიდან ფერგანის ოლქში აღმოჩნდა და რომელსაც დღეს რეპატრირებულ მესხად მოვიხსენიებთ.

საბჭოთა სისტემის გადაწყვეტილებით გადასახლებულმა ყურაძეების ოჯახმა შუა აზიაში 18 წელი იცხოვრა. ,,აქ მოკლეს ჩემი ბავშვობა. მას მერე ბავშვობა აღარ ყოფილა“ – იხსენებს უკვე 82 წლის მოხუცი, რომელიც მხოლოდ ნახევარსაუკუნოვანი მცდელობის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.



მეშვიდე კლასში იყო როცა კლასელი მისი ეროვნებით დაინტერესდა. უპასუხა, რომ კავკასიელი იყო, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა დედას იგივე კითხვა დაუსვა. პასუხი უცნაურად ჟღერდა – ,,ქართველობიდან გადავედით მუსლიმანობაზე“. ეს რას ნიშნავდა კარგად ვერ გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ იდენტობისთვის ბრძოლა უნდა დაეწყო.

როდესაც სამშობლოში დასაბრუნებლად აქტიური ნაბიჯები გადადგა, შეუთვალეს, დარჩენილიყო და კარგი სამსახურით უზრუნველყოფდნენ. ,,მაშინვე უარი ვთქვი, ეს ჩემი ოცნებების მოკვლას ნიშნავდა და იმიტომ“.

მშობლიურ აბასთუმანში პირველად 1988 წელს ჩავიდა.

,,გადაწყვეტილების მიხედვით, 300 ოჯახი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, მათ შორის, 160 სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ ჩამოვედი. ცოლ-შვილთან ერთად კარავში ვცხოვრობდი. მაისი იყო, სულ წვიმდა... 30 დღე გავძელით მხოლოდ. მაშინ ძალიან აგრესიულად შეგვხვდნენ მეზობლები, გვეუბნებოდნენ, რატომ დაბრუნდით, აქ ჩვენი მიწააო“, - იხსენებს ალიხან ყურაძე.

მცდელობა დარბევით და გაძევებით დასრულდა. ისევ გურიაში მოუწია წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა არ მიიღეს, ფარ–ხმალი არ დაყარა და 76 წლის ასაკში მშობლიურ მიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყო.

გურიაში უფრო ადვილად მიიღეს, ვიდრე აბასთუმანში, მაგრამ ბედნიერია, საბოლოოდ ოჯახთან ერთად ფესვებს რომ დაუბრუნდა.
სიამაყით იხსენებს ეროვნულ – განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმას, დედაქალაქში გამართული მიტინგების მუხტსა და ემოციას, მერაბ კოსტავასთან და მოძრაობა ,,ხსნის“ წევრებთან ერთად გადატანილ ქარტეხილებს.

,,ხშირად მივდიოდით მერაბ კოსტავასთან სახლში. დედამისი სულ გვაფრთხილებდა, ფრთხილად იყავით,“ - ყვება ალიხან ყურაძე.

ექვსი შვილის 82 წლის მამა, თავისი გზის გამგრძელებლად ერთადერთ ქალიშვილს მიიჩნევს. ამბობს, რომ თავისუფლება და ღირსება ის თვისებებია, რომელიც შენს მიმართ მტერსაც კი პატივისცემით განაწყობს. ქალიშვილში სწორედ ამ თვისებებს ხედავს.

გულო ალიხანთან და ორ შვილთან ერთად 8 წელია აბასთუმანში ცხოვრობს. მამისგან განსხვავებით, ქართულად საუბრობს. შვილებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ. ცხოვრების რთულ გზაზე არ წუწუნებს. მისთვის მთავრია, სამშობლო და ეროვნება რომ დაიბრუნეს.

ფრიდონ შამშადოვი ბაბუის განვლილი ცხოვრებით ამაყობს, თუმცა გული წყდება, რომ სათანადოდ დაფასებულიარ არის.

,,სამშობლოში დაბრუნებას ნახევარი საუკუნე ცდილობდა. ორ შვილი შეწირა ამ გზას. მეტი ტკივილი წარმოუდგენელია“ – ამბობს 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც პროფესიად იურისტობა აირჩია, ადამიანის უფლებების ადვოკატირება რომ შეძლოს. ეს ფრიდონისთვის მტკივნეული საკითხია. ხშირად დაჩაგრულა, მათ შორის გვარის გამო, რომელიც წინაპრებს საბჭოთა ხელისუფლებამ შეუცვალა.

ამასობაში ვახშამიც სრულდება. მოხუცი ემოციას ვეღარ ერევა და თავის უკანასკნელ ნატვრას გვიზიარებს, – სურს სამშობლოში აღესრულოს და მშობლიურ მიწას მიაბარონ.



რეპატრირებული მესხების ისტორია

1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: მესხეთის რამდენიმე ათეული სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ათეულობით ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სატვირთო მატარებელში შეყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს.

50-იანი წლების ბოლოს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირში დევნილი ხალხის რეაბილიტაციისა და რეპატრიაციის პროცესი დაიწყო, თუმცა მუსლიმ მესხებს ეს არ შეხებია. 80-იან წლებში ისინი მეორედ გახდნენ დევნის მსხვერპლნი – ცენტრალურ აზიაში ეთნიკური ძალადობის სამიზნედ იქცნენ და აზერბაიჯანს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს შეაფარეს თავი. 

ამჟამად დევნილი თემი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყანაშია გაბნეული. ნაწილმა აშშ-ში ემიგრაცია მოახერხა, ნაწილი კი საქართველოში დაბრუნდა. დღეს სამცხე–ჯავახეთში დეპორტირებული მესხების 50–მდე ოჯახი ცხოვრობს. მათგან, 20 ოჯახი ახალციხეში, საბარგო სადგურის მიმდებარედ, კომპაქტურადაა დასახლებული. დანარჩენები ვალეში, ადიგენსა და სოფელ აბასთუმანში ცხოვრობენ.

უმეტესობა საქართველოში 2007–2010 წლებში დაბრუნდა. საცხოვრებელი სახლები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ – პატარა მიწაზე, რომელიც სახლის გარშემო აქვთ, ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ. უმეტესობა რუსულად საუბრობს, ქართული მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან.

ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: საერთო ჯამში, რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს 5841–მა პირმა მიმართა. მათგან 1998 მოქალაქეს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა. 494–ს საქართველოს პირობა დადებული მოქალაქეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ძალაში შევა იმავე წამს, როდესაც ისინი სხვა ქვეყნის მოქალქეობაზე უარს იტყვიან.

ხელისუფლების წარმომადგენლთა განმარტებით, სტატუსსა და მოქალაქეობაზე უარის მიზეზი ძირითადად მოუწესრიგებელი დოკუმენტაციაა.
| Print |