საზოგადოება
ტანსაცმლის კარადა, რომლის კარიც არასდროს იკეტება
ახალციხეში, რუსთაველის#47-თან დგას ძველებური კარადა, რომლის კარიც არასდროს იკეთება. კარადა ხან სავსეა და ხან ცარიელდება, თუმცა კეთილი ადამიანიების წყალობით, მუდმივად ივსება. 

ელენე და საბა გიქოშვილებმა ქურთუკები, რომლებიც აღარ ერგებოდათ, პარკში ჩაალაგეს და თანაკლასელებთან ერთად ახალციხეში, რუსთაველის 47-ში მიიტანეს. აქ დგას ძველი კარადა, სადაც ძველი და ახალი ნივთები ინახება მათთვის, ვისაც თბილი ტანსაცმელი, სათამაშო ან პროდუქტი სჭირდება.

შეჭირვებულებმა ზამთრის სუსხიანი დღეებითბილად რომ გაატარონ, ტყუპმა და-ძმამ ახლა უკვე თბილი ფეხსაცმელების გადარჩევა დაიწყეს.
„ტანსაცმელი, რომელიც ბავშვებს აღარ ერგებათ და კარგ მდგომარეობაშია, ვარჩევთ, ამჯერად ხარისხიანი ფეხსაცმელები გადავარჩიეთ. ხვალ ჩავიტანთ და კარადაში დავალაგებთ“, - ამბობს საბას და ელენეს დედა თიკო გიქოშვილი.



"ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ" - ამ ფრაზამ არა მხოლოდ მეხუთეკლასელები, არამედ მათი მშობლები, სხვა მოზარდები და რიგითი მოქალაქეები გააერთიანა.

სოციალური კარადა ახალციხეში სამ დეკემბერს დადგეს. მაშ შემდეგ სათავსო მუდმივად ივსება და ცარიელდება.

„კლასში გაჩნდა იდეა, რომ ჩვენც გამოგვეყო ტანსაცმელი. აქ ტანსაცმელთან ერთად მოვიტანეთ ფეხსაცმელები და ნივთები, რაც გაჭირვებულებს სჭირდებათ“, - ამბობს მეხუთე კლასელი მარიამ ნასყიდაშვილი და მეგობრების მიერ გამოვსებულ კარადაში ნივთების დაწყობას ცდილობს.

,გრძელფეხა მამილოს“ წაკითხვის შემდეგ შემეცოდა მთავრი პერსონაჟი ჯერუშა ებოტი, რომელიც ობოლთა თავშესაფარში ცხოვრობს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შეჭირვებული ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და სათამშოები მიმეცა“ - გვეუბნება მეხუთე კლასელი ნიკა ტაბატაძე, რომელმაც სოციალური კარადისთვის ნივთები საკუთარი გარდერობიდანაც შეარჩია.

ახალციხის სოციალური კარადა, ადიგენის სოფელ მოხეს სკოლის მოსწავლეებმაც შეავსეს. მოზარდების გარდა, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოქალაქეები შეუერთდნენ.

„თავიანთი ნივთებიდან ნაწილს რომ შეჭირვებულებს უწილადებენ, ამით ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, სიკეთის კეთების მნიშვნელობას, მადლიერებას“ - ამბობენ მასწავლებლები.



კამპანია „გააზიარე სითბო“ სოციალურ ქსელში დაიწყო და პირველი, ვინც ახალციხიდან შეუერთდა, ახალციხეში ასოციაცია "ტოლერანტის" დირექტორი იყო, რომელმაც კარადა ოფისის გვერდით დადგა.

„არ მეგონა, რომ სკოლები ასე ჩაწერთვებოდნენ ამ ინიციატივაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ქველმოქმედება გამოგვივიდა“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

აქციამ "გააზიარე სითბო" სრულიად საქართველო მოიცვა. ახალციხის შემდეგ, სოციალური კარადები დადგეს ასპინძასა და ბორჯომში.
სოციალური კამპანია გაჭირვეული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად.
| Print |