საზოგადოება
ძაღლებისგან დაკბენილი მოსახლეობის რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაიზარდა
უსახლკარო ძაღლებისგან დაკბენილი მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის გამო ხელისუფლებამ მზრუნველობამოკლებული ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაცია დაიწყო.

58 წლის მერი მესხიძე უსახლკარო ძაღლმა ახალციხის ცენტრალურ პარკში დაკბინა. ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხა და ცოფის საწინააღმდეგო სამივე აცრა ჩაიტარა. ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ მერი მესხიძეს ფეხი გაუსივდა და ერთი თვე სიარული უჭირდა.

,,ქალაქში ძალიან ბევრი უსახლკარო ძაღლია, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე. შვილიშვილებს გარეთ მარტო ვერ ვუშვებ, ყველგან თან დავყვებით“ - ჯერ კიდევ გასულ წელს ჩიოდა ,,მეცხრე არხთან" მერი მესხიძე.

ახალციხეში არსებული ორი კლინიკის მონაცემით დაკბენილ მოქალაქეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 2018 წელს 151– ით არის გაზრდილი.

ახალციხის ქუჩებში მაწანწალა ძაღლებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით. მშიერი და ხშირად ავადმყოფი ცხოველი, მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

„ქუჩაში რომ მიდიხარ, ზოგჯერ მთელი ხროვა დაგედევნება ხოლმე. უსახლკარო ძაღლი ქალაქში თითქმის ყველგან შეგხვდებათ. აცრილებიც არ არიან და იყეფებიან“.

,,საღამოს სახლში რომ მივდივარ ძალიან მეშინია, ბევრჯერ გამომეკიდნენ კიდეც“ - ამბობენ ქუჩის ძაღლებით შეწუხებული ახალციხელები.

მაწანწალა ძაღლები მომრავლდნენ სოფლებშიც.




ახალციხეში უსახლკარო ძაღლებისგან დაკბენილი ადამიანების რიცხვმა, კლინიკა ,,იმედი“–სა და ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს მონაცემებით 2018 წელს 574 –ს მიაღწია. გასულ წელთან შედარებით, დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით, 25%-ით არის გაზრდილი.

,,წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად გაუკეთდა ამდენ ადამიანს. 483 პაციენტიდან 366 ძაღლის მიერ იყო დაკბენილი. ეს ძალიან დიდი ციფრია. ჩვენი კლინიკის ანტირაბიულ კაბინეტს, დღეში მინიმუმ, ერთი ადამიანი მაინც აკითხავს" - ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი, ხათუნა კეკელაშვილი.

უსახლკარო ძაღლების მიერ შექმნილი პრობლემების მოგვარება, ხელისუფლებამ როგორც ქალაქის მერი აცხადებს ორი მიმართულებით სცადა. პირველი ექვს მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებას ითვალისწინებს, რომლის საფუძველზეც ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ერთობლივად განხორციელდება. შენობა ქალაქ ახალციხეში, ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიაზე განთავსდება.



პროექტის განხორციელება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს , 2019 წელს უნდა დაიწყოს. გეგმის მიხედვით შენობა 2019 წელსვე აშენდება. სპეციალურად ამ საქმიანობისთვის შექმნილი აიპი ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

,,ეს იქნება არა მარტო ძაღლების, არამედ მზრუნველობამოკლებული ცხოველების თავშესაფარი. თავდაპირველად ცხოველებს დაიჭერენ, გადაიყვანენ თავშესაფარში და ცოფის საწინააღმდეგო მედიკამენტებით აცრიან. ძაღლებს კასტრაცია და სტერილიზაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაინომრებიან. საბოლოდ კი ძაღლებს მათი დაჭერის ადგილას დააბრუნებენ“ – განმარტავს ,,მეცხრე არხთან“ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

თავშესაფარი 300-მდე ცხოველზე იქნება გათვლილი. რა ღირებულების იქნება პროექტი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია, რომ შენახვის ხარჯები თავად ცხოველთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

,, ავადმყოფი ცხოველის მკურნალობის ფაქტები გვქონდა, რომელთა გაბრუნებაც მოხდა“ - აღნიშნავს ქალაქის მერი.

ამ დრომდე ძაღლების დაჭერასა და დანომვრას ჯანდაცვის აიპი და დასუფთავების სამსახური ერთობლივად უზრუნველყოფს. მათი შენობა პირველი სკოლის გასწვრივ, ცხელი წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.



ცხოველების დამუშავება ქალაქ ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო.
| Print |