საზოგადოება
"თავშესაფარი არ უნდა იყოს ცხოველთა მუდმივი საცხოვრებელი" - ლაშა გეგჭკორი
სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი იმ სახით არ განხორციელდება, როგორც ეს თაბდაპირველად იყო გათვლილი.
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის პირველი პირი შეთანხმდა, რომ პროექტი დარედაქტირდება და ამით თანხა დაიზოგება. ეს შეთამხმება მერებმა მემორანდუმით დაადასტურეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა აღმოაჩინა, რომ თავშესაფარი უკვე არსებულ შენობაში განთავსდებოდა და ვოლიერების რაოდენობა 300-მდე იყო გაზრდილი.

"ახალციხის მერს ვოლიერები პროექტის პრეზენტაციის დროსაც ეცოტავა. ავუხსენი, რომ არ არის აუცილებელი ბევრი ვოლიერის მოწყობა, რადგან თავშესაფარი მუშაობს ბრუნვაზე. შემოყვანილმა ცხოველმა, თუ მას არ აქვს რაიმე სახის ტრავმა, თავშესაფარში 2-3 დღე უნდა დაჰყოს. დამუშავებისა და აცრის შემდეგ, ცხოველი უნდა დაუბრუნდეს საცხოვრებელ არეალს, ამ შემთხვევაში ქუჩას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვესმის, რა საჭიროა 250-300 ვოლიერიანი თავშესაფარი. ამ რაოდენობის ცხოველების მოვლა და კვება წარმოუდგენელია. შესაძლოა, თავშესაფარი გახდეს დაავადების გამავრცელებელი. ამით ძირეულად ირღვევა თავშესაფრის მუშაობის პრინციპი, სტანდარტი და კონცეფცია. თბილისში მუნიციპალური თავშესაფარი 125 ვოლიერიანია," - ამბობს „კომპანიონ ცხოველთა სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის“ თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.



ახალციხის მერმა პროექტში ცვლილებების შესახებ  თავდაპირველად "მე-9 არხთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის კორექტირების ხარჯზე ვოლიერების რაოდებობა გაიზრდებოდა, ახალი მშენებლობის სანაცვლოდ, თავშესაფარი ძველ შენობაში განთავსდებოდა და ამით თანხაც დაიზოგებოდა. როცა TV9NEWS.GE-ზე ეს კომენტარი გამოქვეყნდა, პროექტის ავტორი ახალციხის მერს გამოეხმაურა.

"დიახ, ჩვენს პროექტში ახალი შენობა უნდა აშენებულიყო და ამას აქვს თავისი მიზეზი. ყველა ვოლიერში გვქონდა გაკეთებული ინდივიდუალური ტრაპები და დახურული საკანალიზაციო სისტემა. ახლა სადაც აპირებენ თავშესაფრის მოწყობას, იქ როგორ უნდა გააკეთონ ეს? შენობის ქვეშ ამოთხრიან?
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით თავშესაფრის შემდგომ ექსპლუატაციაზე. უხეშად დაირღვევა ნორმები და დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ცხოველთადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება".


ამის შემდეგ ზაზა მელიქიძემ და პროექტის ავტორმა ტელეფონით ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ პროექტში ცვლილებებში ავტორიც ჩართული იქნება.

ახალციხის მერმა დამატებით განმარტა, რომ ცვლილებებით პროექტის არსი არ იცვლება.
"შენობა, რომელიც არის, თუ აკმაყოფოლებს პროექტის სტანდარტებს, რატომ არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება? რაც შეეხება ვოლიერების რაოდენობას - ვთქვი, რომ იზრდება 300-მდე. ამ შენობაში ფიზიკურად არსებობს ამდენი ვოლიერი, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენის რეაბილიტაცია მოხდება", -აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.



როგორ შეიძლება მოერგოს თავშესაფრის პროექტი შერჩეულ ტერიტორიას - ამის შესასწავლად და არჯთაღრიცხვის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი პრეტენდენტებს არჩევს. რეგიონში სურთ, რომ თავშესაფრის მოწყობა 2019 წელს დასრულდეს.
| Print |