საზოგადოება
31 დეკემბერი საქართველოს ავტოპარკის ინსპექტირების ბოლო დღეა
მალხაზ გაბოძე ხუთი წელია ოჯახს ტაქსის მძღოლობით არჩენს. ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებამდე მხოლოდ ერთი თვე დარჩა. მიაჩნია, რომ ,,ტექნიკური დათვალიერებით თავად მძღოლი უნდა იყოს დაინტერესებული, რათა მანქანა გამართულ მდგომარეობაში იყოს. ვფიქრობ, ბიუჯეტის შევსების ეს კიდევ ერთი ხერხია სახელმწიფოს მხრიდან“.

უსაფრთხო მგზავრობისთვის მანქანა გამართულ მდგომარეობაში რომ უნდა იყოს, ამის შესახებ TV9NEWS.GE -სთან კიდევ ერთი მძღოლი საუბრობს. მერაბ ფეიქრიშვილის კუთვნილ ავტომანქანას ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ აქვს.

,,პურის ფულს ძლივს ვშოულობ და ახლა დამატებით 60 ლარი და მანქანის ნაწილების შესაძენად თანხა დამჭირდება. მანქანა ძველია, ნაწილები კი გამოსაცვლელი, ახალციხელი მძღოლების არც თუ ცოტა ნაწილისთის ერთერთი მთავარი პრობლემა ტექნიკური დათვალიერების შემთხვევაში სწორედ ეს არის“ - აცხადებს მერაბ ფეიქრიშვილი.



მძღოლებმა ტექნიკური შემოწმების გავლამდე ყურადღება ავტომობილის გარეგნულ იერსახესთან ერთად შვიდ ძირითადი კრიტერიუმს უნდა მიაქციონ. ესენია: მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი.

მიუხედავად, იმისა, რომ პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა, ადგილობრივი ტაქსის მძღოლები გადასახადზე ჩივიან.



უსაფრთხო მგზავრობა და ეკოლოგიურად სუფთა გარემო მნიშვნელოვანია ახალციხელებისთვის. გამოკითხული მგზავრების აზრით ტრანსპორტის ინსპექტირება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.

,,ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც მოქალაქეების უსაფთხოებისთვის. ყველა მძღოლმა უნდა დაივალდებულოს თავი და გაიაროს შემოწმება, რათა საზოგადოება მოულოდნელი საფრთხისგან დავიცვათ და გავუფრთხილდეთ გარემოს“ - ამბობს სალომე ზაზაძე.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ღირს. მფლობელს საკუთარი ავტომანქანის შემოწმება ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა თუ ქალაქში შეუძლია.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ტექნიკური დათვალიერების მნიშვნელობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი საუბრობს. ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ,,სავალდებულო რეფორმა სამომავლოდ ჰაერის დაბინძურების პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს. უსაფრთხო საავტომობილო გადაადგილება პრიორიტეტულია, ვიდრე 60 ლარის არ გადახდა. ამიტომ, ყველა მძღოლს მოვუწოდებ და ვურჩევ, რომ ტესტირება დროულად გაიროს“.

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდა და პირველ ეტაპზე დაიწყო სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5ტონის ზემოთ) ავტომობილებით. ინსპექტირების სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომანქანებს ამავე წელს დაევალათ, ხოლო დანარჩენ ავტოპარკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოუწევთ.

დამატებითი ინფორმაციისა და სასურველი ტესტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა პირს ცხელი ხაზის ნომრითაც შეუძლია -1484.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი 80 ხაზით.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს შვეიცარული კომპანია SGS Societe Generale da Surveilance SA უწევს.
| Print |