საზოგადოება
დიზაინერობიდან არქიტექტორობამდე და პირიქით
მუშაობას საღამოს იწყებს, როცა სამსახურიდან ბრუნდება. არქიტექტორის ხელსაწყოებს გვერდზე დებს და მრავალფუნქციურ საკერვ მანქანას მიუჯდება. თეთრეული, მაგიდის გადასაფარებლები საახალწლო დეტალებით და საბავშვო კარვები ქალაქ ვალეში, შებინდებულზე იქმნება.



ხატია კაკჩიშვილი 26 წლისაა. კერვა ბავშვობაში დაიწყო, თუმცა სანამ ხელსაქმეს ბიზნესად აქცევდა, დედას ეხმარებოდა და საკუთარ ტანსაცმელსაც კერავდა.

თექაზე 13 წლიდან მუშაობს. სკოლის მოსწავლე მატყლისგან აქსესუარებს ამზადებდა და გამოფენებშიც იღებდა მონაწილეობას.



დიზაინერობა უნდოდა. სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, თუმცა სწავლა არქიტექტურის რესტავრაციის მიმართულებით განაგრძო. ახლა მაგისტრატურაზე სწავლობს. კერვის პარალელურად, სადიპლომოზე მუშაობს. თემად ისტორიული შენობა, ორბელიანების სასახლის რესტავრაცია შეარჩია. 


სამი წლის წინ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აეხდინა და შემოსავლის დამატებით წყაროდ ექცია.
"2015 წელს "აწარმოე საქართველოში" დავწერე პროექტი. მაშინ მივხვდი - ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ ბავშვობის ოცნება ამესრულებინა. გავიმარჯვე და სამსახურთან შეთავსებით ნელ-ნელა სამკერვალოს ამუშავება დავიწყე. ბავშვობაში ტანსაცმლის ჩანახატებს რომ ვაკეთებდი, ბოლოს ყოველთვის ვაწერდი ინიციალებს - K&K. ბავშვობის ოცნება ახლა განვახორციელე და ჩემს ბრენდს ქეი&ქეი დავარქვი".



თავდაპირველად თეთრეულის შეკრევით დაიწყო. ეს უფრო ადვილი იყო და დიდ დროს არ ართმევდა. დღისით ახალციხის მერიაში მუშაობს და არქიტექტურის რესტავრატორის ფუნქციას აზრულებს, საღამოობით კი კერავს და შეკვეთებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აგზავნის.
"ახალი წელი ახლოვდებოდა და მივხვდი რომ მომხმარებლისთვის რამე ახალი უნდა შემეთავაზებინა. ასე დავიწყე სხვადასხვა ფერის მაგიდის გადასაფარებლების და ხელსახოცების კერვა.



აქცენტს ხარისხიან ნაკერზე, ბამბის ქსოვილსა და მომხმარებლისთვის სასურველ ზომებზე აკეთებს.
"ჩემთან მზა პროდუქცია იშვიათია, ვმუშაობ შეკვეთებზე. თუმცა წინასაახალწლოდ დავუშვი გამონაკლისი და შევკერე კოლექცია. დიზაინს ვაკეთებ ჩემი გემოვნებით, თუმცა კლიენტს არ ვუკარგავ ფანტაზიას და გემოვნებას. რა ფერებიც უნდა, იმაზე ვმუშაობ. მაგრამ შემაქვს შენიშვნები და დეტალები, ვთანხმდებით როგორია უკეთესი. ბოლომდე ვიხარჯები თითოეულ მომხმარებელთან, რა და როგორი უნდა.

პატარა მომხმარებლების გემოვნებას მოარგო ახალი კოლექცია, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა. ფერად და კომფორტულ კარვებში პატარები საკუთარ სამყაროს იწყობენ.
"გადავწყვიტე, საბავშვო ხაზით წავიდე. ბევრი იდეა მაქვს ამ მხრივ. გაზაფხულიდან შევკერავ ჩვილის საწოლის გამოსაკრავებს, თეთრეულს, სახელებს. ყველაფერს, რაც ბავშვს ეხება".



გაზაფხულიდან ორიგინალურ, ფერად და ხელნაკეთ აქსესუარებს გოგონებსაც შესთავაზებს. ხატია აპირებს, რომ ახალგაზრდებისთვის მოდური საწვიმარი შეკეროს.

26 წლის გოგოს იდეები და ინიციატივები ამით არ მთავრდება. უახლოეს მომავალში უნდა, რომ თავის საქმიანობას საწარმოს სახე მისცეს. ამისთვის ვალეში შენობა შეიძინა და კერვის გაგრძელებას გეგმავს. როცა საწარმო ოფიციალურად გაიხსნება და გაფართოვდება, K&K მხოლოდ ერთი გოგოს ახდენილი ოცნება აღარ იქნება.

საქმე ბევრია. დღისით ფანქრებითა და არქიტექტორის ხელსაწყოებით ხელში ობიექტებზე შეხვდებით, სადაც ნახაზებზე მუშაობს. დროს სწავლასაც უთმობს. თავად სტუდენტია, თუმცა სასულიერო სემინარიაში ხატვასაც ასწავლის. საღამოს კი, შებინდებულზე მრავალფუნქციურ საკერავ მანქანას მიუჯდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გასაგზავნ კარვებს, თეთრეულს თუ ბავშვების ნივთებს შეკერავს.
| Print |