საზოგადოება
უფასო სადილი არასრულყოფილი რაციონით
ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სახსრებით გამოკვება უჭირთ, ცხელი სადილისთვის უფასო სასადილოს აკითხავენ. ახალციხის სათნოების სახლში ერთჯერადი კვება შეჭირვებულ, მარტოხელა პირებს ეკუთვნით. უფასო სასადილო ქალაქში ორ ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს.

სოფიო ლონდარიძე წვნიანს ქილაში ასხამს, წიწიბურით სავსე კონტეინერს თავსახურს მჭიდროდ ახურავს, კუთვნილ ერთ ცალ პურს ჩანთაში დებს და სადილი სახლში მიაქვს. სოფიო ლონდარიძე ხუთი წელია ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარია. ცხელი სადილი მხოლოდ მას ეკუთვნის, ამიტომ კერძები სახლში მიაქვს და შვილსაც უნაწილებს.
ორწევრიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოფიოს პენსიაა. შეჭირვებული ოჯახი ექვსი წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას დღემდე ცდილობს. უფასო სასადილოში კვებაც მას შემდეგ დაიწყო, როცა პროდუქტის ყიდვა ვეღარ შეძლო.

მარინა გელაშვილი 24 წელია სათნოების სახლში, შვილებთან ერთად სადილობს. ორსულად იყო, როცა ოჯახს გაუჭირდა და უფასო სასადილოს მიაკითხა.

შიმშილისგან თავის დაღწევა უპოვართა სასადილოში შეძლო მარტოხელა ციცო მავზარაშვილმა.
“ჩემი მეზობელი იყო ბენეფიციარი და როცა არ შეეძლო, მე მიმქონდა სახლში საჭმელი. დედა რომ გარდამეცვალა და მარტო დავრჩი, რამდენიმე წელი ვუყურე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა“, - გვიყვება 60 წლის ციცო მავზარაშვილი, რომელიც 10 წელია უფასო სასადილოში დადის.



ნინა დრაზდოვას გახსენება უჭირს, როდის გახდა სათნოების სახლის ბენეფიციარი. მარტოხელა ქალი ამბობს, რომ მენიუში არაფერს დაამატებდა. „ალბათ 15 წელია აქ ვარ. კერძებზე არ ვდარდობ, მთავარია რაღაცა იყოს რომ იოლად გავიდე“.

სათნოების სახლში ცხელი სადილი 189 ბენეფიციარს 13:000 საათზე ელოდება. აქ ძირითადად, მარტოხელა და მოხუცი ადამიანები დადიან. ვის ეკუთვნის უფასო კვება - ამას ახალციხის მერიაში შექმნილი კომისია წყვეტს.
„2018 წელს 32-მა ადგილობრივმა მოგვმართა. სპეციალურმა კომისიამ მათი სოციალური მდგომარეობა შეისწავლა, 30-ს მოთხოვნა დაუკმაყოფილდა, ორს კი უარი ეთქვა, რადგან ვერ აკმაყოფილებდა სოციალური გაცემის წესის პირობებს“, - ამბობენ მერიაში.

ბენეფიციართა რაოდენობა 2018 წელს 170-დან 190-მდე გაიზარდა. მათი მენიუ ფორმულის მიხედვით შედგენილი არ არის, თუმცა სათნოების სახლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კალორიულობა დათვლილია. ბენეფიციართა კვების რაციონში რძის პროდუქტები, ხილი და ტკბილეული ვერ ხვდება. 2018 წელს, მენიუს თვეში ორჯერ ლობიო და წიწიბურას კი მაწონი დაემატა. ბენეფიციარებს იმ პროდუქტების დამატება სურთ, რომლებსაც სიძვირის გამო თავად ვერ ყიდულობენ.



ბენეფიციარები ამბობენ, რომ პროდუქტი ხარისხიანია, ჰიგიენური ნორმები კი დაცული. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 129 200 ლარია გამოყოფილი. სათნოების სახლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მენიუში ცვლილებების შეტანა დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საკვების დამატება თანდათან მოხდება.

„ორშაბათს არის ძროხის ხორცის ხარჩო, წიწიბურა მაწვნით, ჩაი და პური. პარასკევს მოხარშული თევზი, პიურე და ჩაი. ცილოვან საკვებს ყოველ დღე იღებენ. კვირაში ორჯერ თევზია, კვერცხი ერთხელ, ერთ დღეს ქათმის მეორე დღეს კი საქონლის ხორცი. თითოეულს 350 გრამი პური ეკუთვნის. აქ რომ შეჭამონ, საჭმელი და პური დარჩებათ, ამიტომ მიაქვთ სახლში. ცოტა მეტი რომ არის, ვახშამზეც ჰყოფნით“, - ამბობს „სათნოების სახლის“ დირექტორი ვერა ბარძიმაძე.



ბენეფიციარები სათნოების სახლში კვირაში ხუთი დღე სადილობენ.
„თუ ღარიბი ვარ და საჭმელი არ მაქვს, შაბათ-კვირასაც ხომ მინდა ჭამა? სხვა დღეებში თუ ვერ ვყიდულობ საკვებს, ამ ორ დღეს შევძლებ?“ – ამბობს ნელი ბარათაშვილი, რომელიც სათნოების სახლის ბენეფიციარი შვილთან ერთად სამი წლის წინ გახდა.

„ორ ბიჭთან ერთად ვცხოვრობ, იოლად გავდივართ. სახლში არაფერი მაქვს, რომ გავაკეთო. ხომ არ ვიტირებ, სირცხვილია. შეკვეთა არ არის, რომ ჩამოვთვალო სათნოების სახლში კიდევ ეს მინდა და ის მინდა“ - ამბობს სირანუშ ტერპოღოსიანი, რომელსაც სადილი სახლში მიაქვს.

სათნოების სახლი შეჭირვებულებს პირველიდან სამ საათამდე მასპინძლობს. ბენეფიციარები ამბობენ, რომ სასადილო კვების გარდა, მარტოხელა ხალხისთვის თავის შექცევის საშუალებაა. საჭმელთან ერთად, უმეტეს მათგანს ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს. 

| Print |