საზოგადოება
ახალციხის მერიას ე.წ. სამხედრო დასახლების ნაწილი გადაეცემა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიის ნაწილის განკარგვა შეეძლება.
მერიაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია და ახლა პროცედურული საკითხების განხილვა მიმდინარეობს. თვითმმართველობაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. „როცა დამთავრდება პროცედურული საკითხები და გარკვეული იქნება დეტალები, მერე მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, - ამბობენ პრესსამსახურში.

საკრებულოს თავმჯდომარე „მეცხრე არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს დასახლების 20 ჰექტრიდან დაახლოებით, 4 ჰექტარი გადაეცემა.

„ტერიტორიაზე სამი შენობაა. კულტურის სახლში ისევ კულტურის სახლი განთავსდება. ლაზარეთის ან შტაბის შენობაში კი, რომელიც უფრო ადაპტირებული იქნება, საბავშვო ბაღის მოწყობას ვფიქრობთ. დიდი, კეთილმოწყობილი ეზო იქნება გასართობებით“, - აცხადებს გელა ნოზაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტერიტორიის გადაცემას წლებია ითხოვს. პრობლემა იქ მაცხოვრებლებსაც ექმნებათ. მათ საკუთარი სახლების პრივატიზება რამდენიმე წლის წინ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ბრძანების საფუძველზე აეკრძალათ. რეგიონის ხელმძღვანელობის განმარტებით, მოლაპარაკებები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.
| Print |