საზოგადოება
საზოგადებრივი საპირფარეშოები - ხელისუფლების თუ ბიზნესის მოსაგვარებელი პრობლემა
ახალციხის ავტოსადგურის საპირფარეშოს მარინა ინასარიძე ყოველდღე უვლის. ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოები მთლიანი საქართველოს პრობლემაა.

გათბობის სისტემის არ არსებობის გამო, ასთმური ბრონხიტიც გადაიტანა. ,,ცივა, მაგრამ სად წავიდე, ხალხს სამსახური არ აქვს, მე ამით პურის ფულს მაინც ვშოულობ“ - ამბობს მარინა ინასარიძე.



ახალციხეში, ავტოსადგურის საპირფარეშოში შესვლა 30 თეთრი ღირს. მოსახლეობა ამბობს, რომ ფასი სერვისთან შედარებით მაღალია. 

,,ცივი წყალი მოდის ყველგან, არ არის გათბობა, ხელსახოცი, საპონი, რაც ელემენტარულია ჰიგიენური ნორმების დასაცავად“ - ამბობენ ადგილობრივები.



ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებრივი საპირფარეშოების საკითხი ერთერთი განსახილველი თემა იყო ცენტრალურ ხელისუფლებაში. პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესმენებს მიმართა.

“როდესაც ჩვენ პარკინგებზე, ვიზიტორთა ცენტრებზე ვსაუბრობთ, იქ ყოველთვის არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები. თუ პარკინგი არის გათვლილი თუნდაც რამდენიმე მანქანაზე, იქ არის საპირფარეშო და მცირე მაღაზია. რაც შეეხება საპირფარეშოების ქსელს მთელს ქვეყანაში, სამინისტრო ასეთ პროექტს არ ახორციელებს. ალბათ, ეს არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა არის საჭირო. მსოფლიოს ტურისტული ცენტრების მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს არის წმინდა ბიზნესსაქმიანობა”, – განმარტა ცქიტიშვილმა.



ავტოსადგურზე განთავსებულ კომერციულ საპირფარეშოში რომ სათანადო სერვისი არ არის, ამის შესახებ სლავა ჩიხლაძეც საუბრობს. ავტოსადგურის დირექტორი ამბობს, რომ ახალი საპირფარეშოს ასაშენებლად თანხმობას მერიისგან ელოდება.

,,ახალი საპირფარეშოს პროექტი მომზადებული გვაქვს, თუმცა მერიისგან თანხმობა გვჭირდება. ადგილობრივი ხელისუფლება და ბიზნესი ერთმანეთს თუ დაეხმარება მისაღები იქნება. საპირფარეშოს ასაშენებლად დაახლოებით 18 000 ლარი დაგვჭირდება, რაც ევროსტანდარტებზე იქნება გათვლილი“ - ამბობს სლავა ჩიხლაძე.

მისი თქმით, მშენებლებმა პროექტის დაგეგმარებისას შეცდომა დაუშვეს, რადგან კანალიზაციის მილი რვასართულიან კორპუსს მიუერთეს. ,,გაჭედავდა თუ არა საკანალიზაციო სისტემა, მთელი კანალიზაცია მათთან მიდიოდა. ამის შემდეგ, დროებითი საპირფარეშო რკინიგზის ხაზიდან გააკეთეს, სადაც ახალი საპირფარეშოს აშენება სურთ“ - ამბობს სლავა ჩიხლაძე.

კომერციული საპირფარეშოს გარდა, საზოგადოებრივი საპირფარეშოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველგან ფუნქციონირებს, ქალაქში კი რაბათის უბნის შესასვლელში, ახალციხის ტბისა და ცენტრალურ სკვერშია განთავსებული - განმარტავს ,,მეცხრე არხთან“ ქალაქის მერი. საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზრუნავს და ყველა მათგანით სარგებლობა უფასოა. ზაზა მელიქიძე საჭიროების შემთხვევაში ახლის აშენებასაც არ გამორიცხავს.

,,შესაძლებელია, რომ კიდევ ავაშენოთ, თუმცა ამისთვის ტერიტორია გვჭირდება, რაც ფიზიკურად ჭირს“ - ამბობს ზაზა მელიქიძე.
| Print |