საზოგადოება
დაკრძალვა ჭირისუფლის გარეშე - პოლიციამ გამოძიება დაიწყო
ქალაქ ახალციხეში, მოხუცი ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენას, შსს ცდილობს.
უწყებამ გამოძიება გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით შეიტყო, რომ მოხუცი ქალი გარდაიცვალა და ის შვილმა უხმაუროდ, მალევე დაკრძალა. ეს ფაქტი კი გარდაცვლილის ახლობელს საეჭვოდ ეჩვენა.

მეზობლებისგან ირკვევა, რომ შვილმა მოხუცი დედა გარდაცვალებიდან მეორე დღეს ისე დაკრძალა, რომ ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე პირმა იცოდა.

„დედა-შვილი ცხოვრობდა, ქალი ლოგინად იყო ჩავარდნილი. არც ერთი ნათესავი არ ეკარებოდა, ამ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლე,ები ჰქონდა, მაგრამ მარტო უვლიდა, ასმევდა და აჭმევდა მოხუც დედას. გვერდით მდგომი არავინ ჰყავდა და ვის დალოდებოდა, ვისთვის ეთქვა დედა მომიკვდა და მოდით მომისამძიმრეთო. წესი აუგო და დაასაფლავა. ჩვენ ორი-სამი დღის შემდეგ გავიგეთ ეს ამბავი“, - გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.

წმ. მარინეს სახელობის ტაძრის მესანთლე იხსენებს, რომ მოხუცი ქალის ცხედარი ეკლესიაში 28 იანვარს მიასვენეს.
„შვილი და ერთი-ორი კაცი ახლდა, ვინც კუბოს აწევაში ეხმარებოდა. გამიკვირდა რომ სხვა არავინ მოვიდა. მხოლოდ ერთი, 20-თეთრიანი სანთელი იყიდეს და დაანთეს. მამა სტეფანემ აუგო წესი. იმდენი ხანი გაჩერდნენ, რამდენიც საჭიროა და მერე წავიდნენ“, - გვიყვება მანანა ნანობაშვილი.

შსს-ში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საქმე გადაკვალიფიცირდეს და მოკვლევა სხვა მუხლით გაგრძელდეს.
| Print |