საზოგადოება
„დაზარალებული“ ბიუჯეტი
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის 8% საჯარო სამსახურშია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის 20% ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს.
დასაქმებულების უფლებას შრომის კოდექსი განსაზღვრავს. საბიუჯეტო ორგანიზაციები ხშირად მის უგულვებელყოფას ცდილობენ და გადაწყვეტილებებს კანონის გვერდის ავლით იღებენ.

ახალციხის საკრებულო ახლა უკვე უზენაეს სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყოფილი თანამშრომლები უკანონოდ არ გაუთავისუფლებია. მტყუან-მართლის გარკვევას ჯერ ახალციხის, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლო შეეცადა. ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ახალციხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომლებისთვის განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა დაევალა.
„მერიასა და საკრებულოში არიან იურისტები, მაგრამ კერძო ადვოკატს ბიუჯეტიდან უხდიან რამდენიმე ათასს. მიუხედავად იმისა, რომ იციან ეს საქმე წაგებული აქვთ, მაინც წელავენ დროს რომ სამსახურში არ დაგვაბრუნონ. რაც დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით მეტი თანხა ექნებათ ჩვენთვის გადასახდელი. მე ვფიქრობ, რომ პირველმა პირებმა თავიანთ გადაწყვეტილებაზე
უნდა აგონ პასუხი და განაცდური თავისი ჯიბიდან უნდა აგვინაზღაურონ. უზენაესშიც თუ გაგრძელდა საქმე, დაახლოებით 20 000-მდე ლარის გადახდა მოუწევთ მხოლოდ ჩემთვის“,
- ამბობს ეკა ტატალაშვილი.

თვითმმართველობაში თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება 2017 წლის დეკემბერში ქალაქისა და თემის გაერთიანებით და მობილობის პროცესით ახსნეს.

სასამართლომ ჯუნა ნათენაძის გათავისუფლების ბრძანებაც უკანონოდ ცნო. მოსამართლემ ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ყოველ გაცდენილ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0,07 %–ის დამატება დაავალა. დირექტორის მიერ შრომის კოდექსთან შეუსაბამო გადაწყვეტილების გამო, ჯუნა ნათენაძემ 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 ლარამდე მიიღო.
„ყოველი თვის ბოლოს თითოეულ ჩვენგანს უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის. ამ საქმის მოგება მინდოდა, რათა ყველასთვის მაგალითი იყოს, რომ შენი უფლებებისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლო“, - განაცხადა ჯუნა ნათენაძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ.

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია მაშინ ამბობდა, რომ ჯუნა ნათენაძეს ხელშეკრულება შეუწყდა და სამსახურიდან ამის საფუძველზე გაათავისუფლეს. ადვოკატი სოსო ხითარიშვილი კი საქართველოს შრომით კოდექსში შესულ ცვლილებებზე მიუთითებდა.
„მაშინ, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა გრძელდება 30 თვის და მეტი ვადით, ხელშეკრულება, უვადოდ ითვლება“.

იგივე არგუმენტს იშველიებს შპს „კეთილმოწყობის“ ადმინისტრაცია, რომელმაც 2019 წლის პირველი ინავრიდან ექვს მეეზოვესა და ორ ელექტრიკოსს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. სასამართლოს სამმა მათგანმა მიმართა. დასუფთავების ყოფილი თანამშრომლები თვლიან, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ისინი პოზიციებზე დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
"დამირეკეს და მითხრეს აღარ მუშაობო. თანამშრომელს ტელეფონით ვერ გაათავისუფლებ. თუ ცუდად შევასრულე ჩემი საქმე, უნდა მიმიყვანონ, მანახონ და მითხრან, რომ ამაში ფულს არ გადამიხდიან“, - ამბობს ყოფილი მეეზოვე დავით ლომიძე.

2017 წელს, პირველი პირების გადაწყვეტილების გამო, ყველაზე მეტად ადიგენმა იზარალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტს გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის 100 000 ლარზე მეტის გადახდა მოუწია. ყოფილ გამგებელს, მის მოადგილეს და საფინანსო სამსახურის უფროსს 58 000 ლარი განაცდური აუნაზღაურეს, საკრებულოს თავმჯდომარემ კი 62 000 ლარი მიიღო.

„სასამართლომ არც ერთ საქმეზე არ გაითვალისწინა ჩვენი რეალური საფუძვლები. მოხდა ისე, რომ აღადგინეს თანამდებობაზე და ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ასე შეაფასა გათავისუფლებული თანამშრომლების საქმე საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 2 წლისა და 10 თვის შემდეგ აღდგა ადიგენის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის გათავისუფლებული მენეჯერი. ლალი მაისურაძემ ადიგენის ბიუჯეტიდან განაცდურის სახით 700 ლარი მიიღო და სამსახურში უვადო ხელშეკრულებით დაბრუნდა.

„ეს არის დიდი პრობლემა, როცა სამსახურის ხელმძღვანელების გადაწყვეტილების გამო ბიუჯეტიდან ხდება ორმაგი ხარჯის გაღება. მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში თანამდებობის პირის პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ასეთ შემთხვევაში იქნება უფრო ფრთხილად და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ მას აზარალებს“, - ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი. 

ახალციხის მერიიდან უკანონოდ რომ გაათავისუფლეს, ამის დამტკიცებას უზენაეს სასამართლოში შეეცდება სოფიო შევჩენკო. ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში უფროსი სპეციალისტი 2017 წლის 14 ნოემბერს გაათავისუფლეს. ახალციხის მერიამ მიზეზად დაუსახელა, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარა.

შევჩენკო სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ახალციხის და სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. გათავისუფლებული თანამშრომელი საჩივარს უზენაეს სასამართლოში შესატანად ამზადებს.
„ბოლომდე ვიბრძოლებ და ვიცი, რომ სიმართლე იზეიმებს. ამ საქმეს ბოლოდე მივყვები“, - ამბობს სოფიო შევჩენკო.
| Print |