საზოგადოება
საქსტატის დათვლით, მოქალაქეს თავის რჩენა 175 ლარად შეუძლია
საქართველოში ერთ ადამიანს არსებობისთვის თვეში 175 ლარი სჭირდება - საარსებო მინიმუმმა ბოლო გათვლებით ეს ოდენობა შეადგინა. აქედან 70% საკვებზე, 30% კი დანარჩენ ხარჯებზეა გადანაწილებული.

ლია წიქარიშვილი ოთხსულიანი ოჯახის დიასახლისია. შუა ხნის ქალი ამბობს, რომ თვეში საშუალოდ, 1 200 ლარი სჭირდებათ. თანხა მხოლოდ საკვებზე, კომუნალურ გადასახადებსა და მედიკამენტებზე ჰყოფნით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გათვლით კი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 310 ლარს შეადგენს.
ოთხსულიანი ოჯახი 300-400 ლარად თავს ვერ ირჩენს. ჩვენი შემოსავლით ფუფუნების საშუალება არ არის“, - ამბობს დიასახლისი.

40 წლის მაია მაისურაძის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძვირადღირებულ წამლებზეა დამოკიდებული. მედიკამენტები, რომელსაც ქალი ყოველდღიურად სვამს, თვეში 250 ლარი უჯდება. სამწევრიანი ოჯახის შემოსავალი მაის წამლების გარდა, კი ძირითადად, კომუნალურ გადასახადებსა და სურსათზე იხარჯება.

საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად ითვლის. ბოლო მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის პირმა თავის გატანა თვეში 175 ლარად უნდა შეძლოს.



საქსტატში ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმი ინფლაციის გათვალისწინებით, სამომხმარებლო კალათაში შესული პროდუქტების ფასებით იანგარიშება. 2004 წელს საარსებო მინიმუმი 96,2 ლარს შეადგენდა, 15 წლის შემდეგ კი ამ ციფრმა 175 ლარს მიაღწია.
"საარსებო მინიმუმში საკვების აუცილებელი რაოდენობა - ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები შედის. რამდენად ეყოფა ეს თანხა ოჯახს - ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის მიერ 2003 წლის ბრძანებით ვხელმძღვანელობთ, რითიც მინიმალური სასურსათო კალათა და ყოველდღიური კალორიების რაოდენობაა განსაზღვრული“, - ამბობს სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მობალეობის შემსრულებელი ირმა გვილავა.

სამომხმარებლო კალათის შესადგენად, საქსტატი მოსახლეობის დანახარჯებს წელიწადში ერთხელ იკვლევს და ითვლის, თუ რა რაოდენობის თანხას ხარჯავენ მოქალაქეები ამა თუ იმ საქონელსა და მომსახურებაზე. ბოლო რედაქციაში 306 დასახელების პროდუქტი მოხვდა.
„კალათიდან ისეთ პროდუქტებს ვიღებთ, რომელიც მოთხოვნადი აღარ არის. მაგალითად წელს ამოვარდა საფანჯრე მინა, ტყემლის საწებელი და სოფლის რძე. სამაგიეროდ მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად კალათას დაემატა მინერალური, არაგაზირებული წყალი, ხაჭაპური, გაზის გამათბობელი და ტურისტული მოგზაურობა. კალათაში ტექნოლოგიური პროგრესიც და მომხმარებელთა გემოვნების ცვლილებაც უნდა აისახოს“, - ამბობს ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი თეთრაული.

საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია საქსტატის ვებ-გვერდზეა განთავსებული. თუმცა როგორ გამოთვალეს თვეში 175 ლარი - უკვირს ეკონომისტს. თინა გელაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, მხოლოდ კვებისთვის ერთ სულ მოსახლეზე თვეში 256 ლარია საჭირო.

"არსებობისთვის საჭიროა საკვების რამდენიმე სახეობა: პურ-პროდუქტები, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, მცენარეული ცხიმი და ა.შ. ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს ამ პროდუქტებისგან 2 500 კალორია. თუმცა რეალობა ასეთია - მოსახლეობის უმეტესობა ამ ფიზიოლოგიურ ნორმას იკმაყოფილებს ერთფეროვანი საკვებით, ძირითადად პურ-პროდუქტებით. მაგალითად, თუ მთელი დღე ჭამს პურს, შესაძლოა მიიღოს საკმარისი კალორია, თუმცა ეს არ არის დაბალანსებული კვება. ცხადია, რომ 175 ლარით ერთი თვე სრულფასოვნად ვერ გამოიკვებები", - ამბობს თინა გელაშვილი.

მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის შემოსავლის დიდი ნაწილი ჭამაზე იხარჯება. კვების გარდა, ადამიანს ყოველთვიურად სჭირდება თანხა ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, კომუნალური ხარჯებისთვის.
"როცა ადამიანი დღე-ღამეში მხოლოდ 1 500 კალორიამდე იღებს, ეს არის ქრონიკული შიმშილი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით, 70% არის ქრონიკული შიმშილის ზღვარზე".

საქართველოში საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის მიიღეს. კანონის მიხედვით, აღნიშნული თანხა არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების თუ შემწეობების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო, საარსებო მინიმუმის გაზრდა ხელისუფლებას არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამიტომ თანხა რეალობას არ შეესაბამება.
| Print |