საზოგადოება
საქართველოს პირველი არჩევნები სამცხე-ჯავახეთის გარეშე ჩატარდა
100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
ხმის მიცემის პროცესი სამი დღე, 14-16 თებერვალს გაგრძელდა. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება პირველად აირჩია. პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, დაჩქარება გამოიწვია იმან, რომ საფრანგეთში ვერსალის კონფერენცია იხსნებოდა. საქართველოს დელეგაციას კი უნდოდა მეტი ლეგიტიმაცია ჰქონოდა.

ქვეყნის პირველ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. ისტორიკოსები ამბობენ, რომ მიზეზი რეგიონის პოლიტიკური და სამხედრო ვითარება იყო.
„სამცხე-ჯავახეთი ამ დროს იყო სევერ ბეგის ხელში, რომელსაც თურქული განწყობა ჰქონდა. მან იანვარში მოახერხა ქართული მცირერიცხოვანი ჯარის დამარცხება და ბორჯომამდე დაახევინა უკან. ის არ ექვემდებარებოდა საქართველოს ხელისუფლებას. მარტში გადავიდა ქართული ჯარი შეტევაზე და არჩევნები ახალქალაქსა და ახალციხეში 1919 წლის აგვისტოში ჩატარდა“, - განმარტავს უჩა ბლუაშვილი.



არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში გაიმართა. მასში მონაწილეობას 15 პარტიის 600 კანდიდატი იღებდა. საკუთარი ნება ამომრჩეველთა 60% დააფიქსირა. საუკუნის წინ ჩატარებული არჩევნები რამდენიმე დეტალით იყო მნიშვნელოვანი.
„დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში „დაშნაკცუტუნის“ პარტიიდან სამმა დელეგატმა შეძლო მოხვედრა. პარტიამ ეს შედეგი სამცხე-ჯავახეთში მიიღო. პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა საქართველოში შეიქმნა. მანამდე არც ერთი ქვეყნის სათავეში არ ყოფილან. ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად, რომ მთელს მსოფლიოში 28 ქვეყანაში შეძლეს გამარჯვება. 130-დან 105 ადგილი სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ უმრავლესობა, მათ არ შეუდგენიათ ერთპარტიული მთავრობა. ოთხი მინისტრის პოსტი სხვა პარტიებს შესთავაზეს“, - ამბობს უჩა ბლუაშვილი.

არჩევნებში 26 ქალი მონაწილეობდა, საიდანაც ხუთი დეპუტატი გახდა. ქრისტინე შარაშიძე კი პრეზიდიუმის მდივნად აირჩიეს. პოლიტოლოგის თქმით, ეს დეტალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნებში ქალების მონაწილეობა, შვეიცარიაში 1969 წელს დაუშვეს.


ფოტო: On.ge

100 წლის წინ, პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მოსახლეობასთან შეხვედრებს და პრესას იყენებდნენ. გაზეთებში მათი სლოგანები საარჩევნო ნომრებთან ერთად იბეჭდებოდა.



პირველი არჩევნებიდან ორი წლის თავზე ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გამო, დემოკრატიული არჩევნები მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაიმართა. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალციხეში ნუგზარ მაისურაძე ხელმძღვანელობდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროცესმა მცირე ხარვეზებით, თუმცა მშვიდად ჩაიარა.
„ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი თავმჯდომარე იყო პავლე მესხიშვილი, რომელიც ახლა გარდაცვლილია. მის შემდეგ პარტიებმა შემარჩიეს მე. პირველი ეტაპი გავიარეთ არასასურველ ვითარებაში. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და ყველაფერი გასაკეთებელი იყო თავიდან. ხალხი ძალიან მოტივირებული იყო, ყველა ელოდა ახალი, ეროვნული ძალის მოსვლას“, - 26 წლის წინ ახალციხეში გამართულ არჩევნებს იხსენებს ნუგზარ მაისურაძე.



დამოუკიდებელ საქართველოში სულ 7 საპრეზიდენტო, 10 საპარლამენტო, 7 თვითმმართველობის არჩევნები და 3 რეფერენდუმი და პლებისციტი ჩატარდა.
| Print |