საზოგადოება
ავარიის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება
27 წლის დავით გასიტაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის. ახალგაზრდა მამაკაცი წლისა და ცხრა თვის წინ ავტოავარიაში მოყვა, გამოსაჯანმრთელებლად კი ხანგრძლივი მკურნალობა და რთული პროცედურები დასჭირდა. ახლა მისი მიზანი დამოუკიდებლად გადაადგილებაა.
ორივე ყავარჯენს ეყრდნობა და ნაბიჯს თამამად დგამს. კიბეები მისთვის ბარიერია, მაგრამ დაბრკოლებების გადალახვა უფრო და უფრო მარტივად გამოსდის. დავით გასიტაშვილი ახალ მდგომარეობას ეჩვევა და ცხოვრებას ხელახლა, 27 წლის ასაკში იწყებს.

დაახლოებით, 20 დღეა სატრენაჟორო დარბაზის და მასაჟის კაბინეტის ყოველდღიური სტუმარია. ფიზიკური დატვირთვითა და აქტივობით ცდილობს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ახალგაზრდა მამაკაცის მთავარი მიზანია, რომ გადაადგილება ავარიისას დაკარგული ფეხის გარეშე, თავისუფლად შეძლოს.

დღის ყველაზე აქტიური და დატვირთული პერიოდი შუადღეა. სავარჯიშო დარბაზში ყოფნის დრო 30 წუთიდან თანდათან ორ საათამდე გაიზარდა. დროსთან ერთად მოიმატა სიმძიმეებმა და დატვირთვამ. დავითი თანდათან იმორჩილებს კიდურებს, რომელსაც აქამდე ინსტიქტური მოძრაობა ახასიათებდა. კუნთების გამკვრივებაში ტრენაჟორების დახმარებით ტრენერი ეხმარება.
„მკერდის და მარცხენა ხელის პრობლემა იყო. კუნთები მოდუნებული ჰქონდა და ფუნქცია სრულად არ ხდებოდა, დაგვიანებით აკეთებდა მოქმედებებს. ახლა გვაქვს შედეგი, რომ მოძრაობები აღდგა, თანდათან უბრუნდება სრულყოფილ მდგომარეობას. ძალიან მებრძოლია, ჟინიანი. მოტივაციას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც ვარჯიში და რეაბილიტაცია სჭირდებათ“, - ამბობს სპარტაკ თაქთაქიძე.

აღდგენითი მასაჟსა და ელექტროსტიმულაციას დღეში ნახევარ საათს უთმობს. ტატიანა ბლიაძე ცდილობს, რომ დავითის კუნთებს ტონუსი მოუხსნას. პროგრესი შესამჩნევი ერთ კვირაში გახდა. დამოუკიდებლად ჯდება, მოძრაობს და გადაადგილდება.



ავტოსაგზაო შემთხვევა 2017 წლის მაისში მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დავითი და მისი ორი მეგობარი იჯდა, სოფელ რუსთავთან მოცურდა და მდინარეში გადავარდა.



სამი თვე კომატოზურ მდგომარეობაში გაატარა. იმისთვის, რომ დღევანდელ მდგომარეობამდე მოსულიყო, 16 ოპერაცია დასჭირდა. მედიკამენტების მიღებას ამ დრომდე სჭიროებს. დავითის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კიდევ ერთხელ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ, მაისში შეისწავლიან.



შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება შეცვალა, არ ახსოვს. ავარიაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ არ გაურბის საგზაო უსაფრთხოების თემას. ამბობს, რომ ავტომობილით მოძრაობისას მთავარი სიფრთხილე და მოძრაობის წესების დაცვაა. ჰყვება იმაზეც, რომ გამოჯანმრთელების ორწლიანი, რთული გზა ოჯახის და საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, თვისი დამოკიდებულებით გაიარა.



ავტოსაგზაო შემთხვევა, როცა დავით გასიტაშვილი დაშავდა, შსს-ს სტატისტიკაში მოხვდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2016-2018 წლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 440 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. სამ წელში ავარიის გამო, 41 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი მანევრირების წესების დარღვევაა. 

| Print |