საზოგადოება
ემზარ კვიციანი სამცხე-ჯავახეთში ერთ აგენტს დანიშნავს
სოფელ გოგაშნის მოსახლეობა ერთ-ერთია ჯავახეთის სოფლებს შორის, რომელმაც პარლამენტარ ემზარ კვიციანის მიერ დაოჯახების ცენტრში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.
გოგაშენში 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 25-მდე ახალგაზრდა დასაოჯახებელია. სოფლის რწმუნებული ზაზა ნათენაძე ამბობს, რომ კვიციანის დაფუძნებულ სააგენტოში გადაგზავნილ გვარებს შორის ძირითადად ნათენაძეები, აღდგომელაძეები, ხუციშვილები და მოსიძეები არიან. დაოჯახების მსურველთა ასაკი 20 -დან 40 წლამდე მერყეობს, რომელთა შორის ყველაზე ხშირად ნათენაძეები არიან მოხსენიებული. დაოჯახების ყველა მსურველს, გადაგზავნილ განცხადებაში ტელეფონის ნომერი აქვს მითითებული.

,,ეს პრობლემა სოფელში რეალურად არსებობს. გოგაშენი პატარა სოფელია და რთული სოციალური პირობებიც არის, ამიტომ უარს ასეთი სახის დახმარებაზე არ ვიტყვით“ - ამბობს მეცხრე არხთან ზაზა ნათენაძე.

ემზარ კვიციანის თქმით, სოფელ გოგაშნიდან 30-მა მამაკაცმა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში" გაწევრიანების სურვილი უკვე გამოთქვა. დეპუტატს მამაკაცების სია მართლმადიდებლური ტაძრის წარმომადგენელმა მიაწოდა. ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობას სასულიერო პირებიც მიიღებენ.

,,სამღვდელოება და საპატრიარქოც ჩაერთვება, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობის თემაა ჩვენი გენოფონდის არსებობისთვის“ - ამბობს დეპუტატი.

ცენტრი ძირითადად მაღალმთიან ოჯახებს დაეხმარება, პრიორიტეტი კი ახალდაქორწინებულ, ქართველ ოჯახებს მიენიჭება. თუმცა, დეპუტატი ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ ფიქრობს, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე-ჯავახეთში აღნიშნული პრობლემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ,,თქვენ მაღალმთიან რეგიონებში არ გიჭირთ, მაგალითად რაჭაში, ზემო და ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში გაცილებით ცუდი სიტუაციაა“ .

ახალციხის ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ერის გამრავლებას მიესალმება, თუმცა ფიქრობენ, რომ "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი" ამ პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს.



ცენტრის ცნობადობისა და შემოსავლების გაზრდის მიზნით, დეპუტატმა განცხადება საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის სახელზე უკვე დაწერა.



საჯარო რეესტრმა ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს უკვე დაარეგისტრირა.

"ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან" - განაცხადა პალიტრანიუსის ეთერში ემზარ კვიციანმა.

დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ.

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი შეყვარებულთა აღრიცხვის სააგენტოს შექმნის შემდეგ კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობს.

დეპუტატი ,,მეცხრე არხთან" განმარტავს, რომ აღნიშნული იდეის მიზანიც ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვაა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთაში მცხოვრები მაღალმთიანი სტატუსის მქონე ექიმებისთვის სახელმწიფო პენსიის გასამმაგებას, ექთნებისთვის კი გაორმაგებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პირველი და მეორე დაბადებული ბავშვისთვის, თუ ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელი იქნება ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად არანაკლებ 500 ლარიან დახმარებას მიიღებს.

ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვისთვის ორის ნაცვლად 4 წლამდე ყოველთვიურ ფულად დახმარებას 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარს მიიღებს.

,,დემოგრაფიულად ქართველებს გვიჭირს, ამიტომ ცენტრიც ქართველებს დაეხმარება. ჩვენი მიზანია ეთნოსი გადავარჩინოთ" - აცხადებს ემზარ კვიციანი.
| Print |