საზოგადოება
როცა მსხვერპლი მოძალადესთან ბრუნდება
48 წლის ლალი (სახელი შეცვლილია) მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ერთი შეხედვით, წყნარი და მშვიდი ოჯახი აქვს. საღამოობით, ქალისა და ბავშვების ყვირილი მხოლოდ მეზობლებს ესმით. უბანში ყველამ იცის, რომ მამაკაცი მეუღლესა და შვილებზე წლებია ფიზიკურად ძალადობს.
წელიწადნახევრის წინ, ქმრის მორიგი ძალადობის შემდეგ,ლალიმ პოლიციას მიმართა. სხეულზე, სახესა და თავზე სისხლჩქცევების შემჩნევა ექსპერტიზას არ გასჭირვებია.
„მოძალადე მამა, ოჯახში სულ წივილ-კივილი და ჩხუბი არც ერთ შვილს არ უნდა. 16 წლის ბიჭს რომ მამა დაექანება და ატირებს, მერე სკოლაში წასვლაც აღარ უნდა. როცა ყელში ამოგივა განქორწინებასაც გადაწყვეტ. რა აზრი აქვს ჩვენს ერთად ყოფნას? არ შეიცვლება. უფრო შიშის ქვეშ უნდა ვიყო“, - გვითხრა ლალიმ, როცა მის მეუღლეს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„ციხიდან რომ გამოვა ალბათ არ მაცოცხლებს. საქმე აქამდე რომ მივიდა, უფრო გაბოროტდა“.



ცოლ-ქმრის თანაცხოვრება 33 წელს ითვლის. ექვსი შვილი ჰყავთ. ლალის განქორწინებაზე ადრეც უფიქრია და მოძალადე ქმრის სახლიდანაც პირველად არ გაქცეულა, თუმცა უკან ყოველთვის ბრუნდებოდა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა ქმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, ლალი მეუღლის სახლს დაუბრუნდა. ამბობს, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა.
„ამდენი შვილი რომ გყავს, ასაკშიც რომ შედიხარ უფრო გრცხვენია. ამდენი წლის ოჯახის დანგრევა ადვილი საქმე ხომ არ არის. ახლა რომ ვარ, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ მეკუთვნოდა, არ ვიმსახურება ამას, მაგრამ რა ვქნა“.

წასასვლელი რომ არსად ჰქონდა, ამიტომ ცხოვრობს ნინო (სახელი შეცვლილია) ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 17 წლის ასაკში გათხოვდა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ქმრის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ორი წელი გაუძლო.
„სახლიდან გამოვიქეცი, მშობლების მრცხვენოდა და მათთან ვერ დავბრუნდი. 8 თვის ბავშვით ქუჩაში აღმოვჩნდი. თავშესაფარში ვარ, მაგრამ ესეც დროებითია, მომავალი არ მაქვს, იმედები დამემსხვრა, აღარაფრის მწამს“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სირთულეების მიუხედავად, მოძალადე ქმართან დაბრუნებას არ აპირებს.

ნინოსა და მის მცირეწლოვან შვილზე „დემოკრატ ქალთა საზოგაოდებამ“ იზრუნა. არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარში მხოლოდ ექვსი ბენეფიციარის ადგილია. ორი თვის შემდეგ კი მსხვერპლმა თავშესაფარი უნდა დატოვოს. სწორედ ამ დროს იწყება პრობლემები, რადგან დიდ ნაწილს წასასვლელი არსად აქვს. ბენეფიციართა ნაწილი, ისევე როგორც ლალი, იძულებულია ისევ მოძალადე ქმართან დაბრუნდეს.

"ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოძალადეებს აქვთ იმისი უნარი, რომ თავიანთ "კლანჭებში" მოაქციონ მსხვერპლი. ბრაზის ემოცია ადამიანს უბიძგებს, რომ რაღაცებს შეეწინააღმდეგოს, ეს ემოცია კი მსხვერპლს უქვეითდება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური პირობები. მსხვერპლ ქალებს უმეტესწილად არ აქვთ განათლება და საკუთარი ქონება. ამიტომ შვილების დამოუკიდებლად გაზრდა უჭირთ. მესამე, საზოგადოების ფაქტორია. მსხვერპლი ხდება ხალხის მხრიდან დაცინვის, ძალადობის მსხვერპლი. ამ ფაქტორების გამო, ქალს ურჩევნია დაბრუნდეს მოძალადე ქმართან", - ამბობს ფსიქოლოგი. მარიამ იველაშვილი მოძალადესთან ფსიქოლოგის მუშაობის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და პოლონეთის მაგალითი მოჰყავს.

"მოძალადისთვის ძალიან რთულია გააცნობიეროს, რომ ეს ცუდია. ძირითადად ჰგონიათ, რომ ასე უნდა მოექცე ქალს. თავისი მოქმედებების მიმართ კრიტიკა არ გააჩნიათ და ძალიან ძნელია აუხსნა, რომ არასწორად იქცევა. ვთქვათ დავიჭირეთ, მოიხდის სასჯელს, გამოვა ციხიდან და ისევ მოძალადეა".

„დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ახალციხეში 17 წელია მსხვერპლთა რესოციალიზაციაზე მუშაობს. ორგანიზაცია ბენეფიციარებს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს. მარინა მოდებაძე იხსენებს, რომ 1992 წელს ოჯახში ძალადობა ტაბუდადებული თემა იყო.
„ძალიან ცოტა საუბრობდა ამ თემაზე. მსხვერპლიც არ აღიარებდა და ბევრ შემთხვევაში ვერც აღიქვამდნენ, რომ ეს იყო ოჯახში ძალადობა. ისინი თვლიდნენ, რომ იყო ნორმა, რაც მით მიმართ ხორციელდებოდა“, - იხსენებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ამბობს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა სახელმწიფოს პოზიცია, შეიქმნა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება. ამ მიმართულებიტ მუშობა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ. ამის მიუხედავად, გამოწვევა და პრობლემა ჯერ კიდევ ბევრია.



რამდენი ქალი ბრუნდება მოძალადის სახლში - ამის სტატისტიკა არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბოლო შვიდ წელში, ოჯახში მომხდარი დანაშაულის რიცხვი თანდათან იმატებს.

სამართალდამცველებმა 2013 წელს საქართველოში, ოჯახში ძალადობის 459 შემთხვევა დააფიქსირეს, 2018 წელს კი 4 791. თვალშისაცემია შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც. 2013 წელს პოლიციამ გამოსცა 224 ორდერი, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ, 2019 წელს თვენახევარში კი 876 ორდერი.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს. 2013 წლიდან დღემდე, ფემიციდის ნიადაგზე 2 ქალი მოკლეს (2018 წელი).

ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის მხრივ, სამცხე-ჯავახეთი პირველ ადგილზეა. 



„მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, შემთხვევების გამოვლენით პირველ ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი და ეს კარგია. ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, ჩვენი საქმიანობის ინდიკატორი ძალადობის რიცხვის შემცირებით არ იზომება პირიქით - გამოვლენის რიცხვის გაზრდით იზომება. თუ ადრე იყო 5 და ახლა არის 500, ეს არ ნიშნავს, რომ გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ინფორმირებულობა, გამბედაობა და საზოგადოების სენსიტიურობაც გაიზარდა“, - სტატისტიკის ასეთი ახსნა აქვს მარინა მოდებაძეს. 

2018 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია. ქალების 22% და კაცების 31% მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. 
| Print |