საზოგადოება
სოფელ ზიკილიაში დაბინძურებული სასმელი წყლის გამო ჩივიან
ზიკილიაში მცხოვრები ვანო გელაშვილი ყოველ დილით ონკანს მარლის სახვევს უკეთებს, რათა შვილებმა დალევის დროს, წყალს, ქვიშა და ჭუჭყი არ მიაყოლონ.
სოფელში ამბობენ, რომ დაუცველი სათავე ნაგებობის გამო, ნალექის დროს წყალი იმღვრევა და მოსახლეობას სოფელში სასმელად წყალი დაბინძურებული მიეწოდება.

ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს ამღვრეული სასმელი წყალი, ზაფხულში შრება და მოსახლეობას სასმელთან ერთად სარწყავი წყლის პრობლემაც ექმნება.

,,დაბინძური წყალი მოდის, გვეშინია... ბავშვებს როგორ დავალევინოთ?! ონკანს ბინტს ვუკეთებთ, რომ მიწა და ნაგავი არ გამოყვეს“ - ამბობს სოფელ ზიკილიის მაცხოვრებელი ივანე გელაშვილი.

,,წყალი არ იფილტრება, ყველასთვის საშიშია. სოფელში დაავადებების რიცხვმაც იმატა“ - ყვება TV9NEWS.GE –სთან სოფლის მაცხოვრებელი თემურ კურტანიძე.

სასმელი წყლის არხი სოფელ ზიკილიის მაცხოვრებლებმა თავად გააკეთეს, თუმცა დასრულებისთვის სახსრები აღარ ეყოთ.

,,წვიმის დროს ისეთი წყალი მოდის, როგორც სარწყავი. სათავე დაცული არ არის, არც არაფერი ეხურება, ამიტომ წყალი ხშირად იმღვრევა და ბინძურდება“ - ამბობს სერგო ხარატიშვილი.



ზიკილიელთა მტკიცებით, გაუფილტრავ წყალს თევზი, მიწა და ტალახი ხშირად მოჰყვება.

რწმუნებულის გრიგოლ ღამბაშიძის თქმით, სოფელში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობს.

შექმნილი პრობლემების გამო, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი სანიაღვრე არხის მოწყობას დაუჭირა.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სოფლების წინუბნის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო.

პროექტის ფარგლებში სოფელ წინუბანში ე.წ. „დათვების ღელეში“ მოეწყობა სასმელი წყლის სისტემის ახალი სათავე-ნაგებობა, საიდანაც მაგისტრალური მილსადენით წყალი გამწმენდ-ნაგებობის გავლით, დასახლებულ პუნქტებს მიეწოდება.



პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 894 894 ლარი გამოიყო.

პროექტის მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლოს დასრულდება, რაც სოფელ მუგარეთამდე მთლიანი მაგისტრალის მოწყობას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, როდის მიიღებს სასმელად ვარგის წყალს სოფელ ზიკილიის მოსახლეობა, ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
| Print |