საზოგადოება
დევნილებისთვის გადაცემული სახლები, სადაც ტრანსპორტს არასოდეს უვლია
სამი შვილის დედა ნათია პაპავა ახალციხეში, ე.წ. დევნილთა დასახლების უბანში ცხოვრობს. ყოველდღე 7 საათზე დგება, იმისათვის, რომ შვილები ასაუზმოს,

სკოლისთვის მოამზადოს და დაახლოებით 200 მეტრის მანძილი ცენტრალურ გზამდე ფეხით გაიაროს, რათა პატარები სკოლამდე გამვლელი ავტობუსით ამგზავროს.

,,მინაძის, ასპინძის და აქაური სოფლების ავტობუსებს ხშირად მივყვებით. სახლიდან ადრე გავდივართ, რომ გამვლელ ტრანსპორტს მივუსწროთ. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენ დასახლებაში ტრანსპორტს დანიშნავს" - ყვება ნათია პაპავა.

დაზიანებული გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა ახალციხეში მცხოვრები დევნილების უბანში ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს. ე.წ. ,,დევნილთა დასახლებაში" 70 ოჯახში 50-მდე მცირეწლოვანი ცხოვრობს.



გზის პრობლემის მიუხედავად, ნაზია მიქაიას ოთხი შვილიშვილი ტაქსით სკოლაში ხშირად დაჰყავს. ,,დილით ძალიან ცივა, შვილიშვილებს გზაზე ვერ დავაყენებ, ტრანსპორტიც არ გვყავს, ამიტომ იძულებული ვარ ტაქსით ვატარო ბავშვები" - ამბობს დევნილი ნაზია.

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს, რუსთაველის 113 ნომერში ბინა 2015 წელს გადაეცა. ხუთი შვილის დედა, ხალიმა ლეჟავასთვის, ქალაქიდან მოშორებით მდებარე საცხოვრებელი ბევრ პრობლემას უქმნის. ქვეითთა გადასასვლელები, საავტომობილო გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

,,იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ დადის, ხშირად ბავშვებს სკოლასა და ბაღშიც ვერ ვუშვებთ, სოციალურად დაუცველები ვართ და ტაქსის ფული არ გვაქვს" - ამბობს ხალიმა ლეჟავა.

,,ტაქსის ფულიც არ მაქვს, რომ ყოველდღე კილომეტრები ვიაროთ. ვითხოვთ, ჩვენი გულისტკივილი ახლოს მიიტანოს ხელისუფლებამ და ყურადღება მოგვაქციოს" - წუხს ირმა ჩაკაბერია.

,,დევნილთა უბანში" მცხოვრები მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას და საავტომობილო გზის პრობლემის მოგვარებას მეოთხე წელია ითხოვს.



ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდება. დღის პირველ მონაკვეთში ქალაქს სამი, ხოლო შუადღეს ორი მიკროავტობუსი ემსახურება. შაბათ-კვირას ტრანსპორტი მხოლოდ დილის საათებში მოძრაობს.

,,მერია თუ მოითხოვს ტრანსპორტს ამ უბანშიც შევიყვანთ, ამისთვის სამარშრუტო სქემა უნდა შეიცვალოს. თუმცა ამ დასახლებასთან 200 მეტრამდე მანძილზე საქალაქო ტრანსპორტი მიდის" - ამბობს TV9NEWS.GE-სთან შპს ,,ჯეოტივის" დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი.
| Print |