საზოგადოება
რუსულენოვანი ტელეარხების პროპაგანდა
სოფელ ჭაჭარაქში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. დილიდან საღამომდე თითქმის ყველა გლეხი მიწაზე მუშაობს. ქალები მწვანილს, ხახვსა და ნიორს თესენ, ჩითილები გამოჰყავთ, მამაკაცები კი მიწას კარტოფილის დასათესად ამზადებენ.

მელსიდა ამბარიანმა საღამოს ოთხივე ძროხა მოწველა, რძისგან ყველი ამოიყვანა და ამით დამღლელი დღის საქმიანობა დაასრულა. მისმა ქმარმა ხახვი შეწამლა, ღორები დააპურა, ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკარტოფილედ გაამზადა და ახლა ორივე ერთად ტელევიზორის საყურებლად ჯდება.

"სომხეთში ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ. ბევრი ცვლილებებია, ვნახოთ რა მოხდება" - გვეუბნება ხაჩატურ ამბარიანი და ტელევიზორს სომხური არხიდან რუსულზე რთავს.

"პოლიტიკა სულ მაინტერესებს, საინფორმაციოს ან რუსეთზე, ან სომხეთზე ან საქართველოზე ვუყურებ. ახლა „ტუნერი“ შევცვალე და მარტო რუსული და სომხური არხები მაქვს" - ამბობს ჭაჭარაქელი ფერმერი და ტელევიზორის მენიუში რუსულ პირველ არხს ირჩევს.

ცოლ-ქმარი მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგად ერკვევა.

"რუსულ არხებს რომ ვუყურებ, იქაური ხალხი ჩვენთან არის. ნახევარი ნათესაობა რუსეთში მყავს. ვის არ უნდა, რომ კარგად ვიყოთ? მივიდეთ-მოვიდეთ ერთმანეთთან. მთავარია, მთავრობამ დაალაგოს ურთიერთობა. ოკუპაციაც მთავრობების ბრალია. პატარა ერი ვართ და უნდა ვიფიქროთ, რომ იოლად წავიდეთ ერთმანეთთან", - გვეუბნება ხაჩატურ ამბარიანი.



რუსულენოვან ტელეარხებზე გასული გადაცემებიდან რუსეთის ხელისუფლების განწყობის გამოცნობა არ უჭირს. ამბობს, რომ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს არ მოსწონს, როცა საქართველო დასავლეთთან ურთიერთობებს აღრმავებს.

„ვიცი, რომ უნდა იყოს თავისუფლება, სახელმწიფოს როგორც უნდა ისე იცხოვრებს, მაგრამ ხომ ვხედავთ რომ ასე არ არის, ამიტომ უნდა ვიფიქროთ სხვანაირად. მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გათვალოს. ნახევარი საქართველო მიდის რუსეთში, რომ ოჯახები შეინახოს“, - ამბობს ჭაჭარაქელი ფერმერი.

"საქართველოსთან ომი არც რუსეთს უნდა" - გვეუბნება ხაჩატური და 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას ორივე ქვეყნის მთავრობას აკისრებს. რუსეთთან და სომხეთთან მიმოსვლის და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სურს. ამბობს, რომ ასე მოსავლის რეალიზაციაც გამარტივდება. 40 წელი ბრიგადირად მუშობდა, კარგად ახსოვს გასული საუკუნის ყოფა და საბჭოთა ცხოვრებასთან სენტიმენტებიც ამის გამო აქვს.

„კომუნისტების დროს მაგარი ცხოვრება იყო საქართველოში. რუსეთში პირველ ადგილზე ვიყავით. რუსეთს 100%-იანი უნდა ჩვენთან მეგობრობა. მთავრობების დალაპარაკებაა საჭირო“.


სერიალებთან ერთად, რუსულ და სომხურ საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს მელსიდა ამბარიანიც. დიასახლისი ამბობს, რომ ტელევიზორისთვის საღამოობით იცლის.

"რუსეთის პირველ არხზე ამბობენ, რომ როგორც სხვა წლებში, ერთად ახლაც კარგად ვიცხოვრებთ. აჩვენებენ, რომ რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს. სომხეთში ცვლილებებია, ამბობენ ემიგრანტებო უკან დაბრუნდით, ახალი სამუშაო ადგილები იქნება", -გვეუბნება მელსიდა ამბარიანი. მისი შვილები ერევანში, ორი და კი რუსეთში ცხოვრობს.



ამბარიანების გარდა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა და მეგობრობის, ჭაჭარაქში ბევრს სჯერა. სოფელში ამბობენ, რომ ამაში "ტელევიზორი არწმუნებთ".

„პოლიტიკა სხვა რამეა, მოსახლეობა სხვა“;

„მკვეთრად გამოხატული აგრესია არ უნდა იყოს, რომ ხალხი კიდევ უფრო არ აანერვიულონ“, - რუსეთის მიმართ განწყობების დაფიქსირებისას ახალციხეში ფრთხილობენ.

ქვეყნის ჩრდილოელ მეზობელთან „ურთიერთობის დალაგების“ მომხრეა ადგილობრივების უმეტესობა. მათ შორის ისინი, ვინც ინფორმაციას ქართულენოვანი ტელეარხებიდან იღებენ.

„რუსი ერი დამნაშავე არაფერშია. მთავრობა არ მომწონს, ცუდად იქცევა, მაგრამ ხალხთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს“ - გვიხსნის თენგიზ ოქრომელიძე და არგუმენტად ამატებს, რომ 11 წელი რუსეთში მშვიდად, უკონფლიქტოდ იცხოვრა.

„რუსეთთან აგრესია არ უნდა გვქონდეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისტორიულად მეგობრები, ქრისტიანები ვართ. პირიქით, ხალხს თუ გვექნება ურთიერთობა, ვფიქრობ სიტუაცია უფრო გამოსწორდება“, - გვეუბნება ხათუნა დიაკონოვი.

„მთავრობებს შორის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. არც რუსეთს უნდა დათმობებზე წასვლა და არც ჩვენ. მაგრამ ერთ-ერთმა რაღაც უნდა გააკეთოს“ - ამბობს ლევან ინასარიძე.

„მეზობელთან უნდა ვიყოთ კარგად. ნათესავები მყავს რუსეთში და კავშირი არ მაქვს“, - ამბობს ოთარ გვარამაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

ადგილობრივი ნუგზარ მასკალსკი კი ფიქრობს, რომ მოსახლეობის სურვილის მიუხედავად, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება რთულია. „უბრალო ხალხს უნდა მეგობრული კავშირი, მაგრამ მათ მთავრობას ახასიათებთ, ძველი დროიდან მოსდგამთ შოვინიზმი, დღემდე იგივეს იმეორებენ“.

საერთაშორისო ურთიერობების ექსპერტების თქმით, რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებს და საზოგადოების ასეთი განწყობა, სწორედ ამის შედეგია.

"ბრძოლა გრძელდება და ეს ომი მოსაგებია. მეორე მხარეს არც თუ ისე სუსტი სახელმწიფო დგას" - ასე იწყებს მოსახლეობასთან შეხვედრებს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი. გიორგი მოლოდინი ცდილობს, რომ საზოგადოებას თანამედროვე საინფორმაციო გარემოზე ესაუბროს. იმ გზავნილებსა და ნარატივებზე, რომელიც მედიით ვრცელდება და ხელს უშლის საქართველოს პროდასავლურ ინტეგრაციას. ექსპერტის თქმით, არასწორი პროპაგანდისტული გზავნილები, განსაკუთრებით რეგიონებში მუშაობს.

"გამოსავალი არის მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ხელისუფლების ჩართულობა ამ პროცესში. ყველაზე მთავარი სიმართლის გავრცელებაა. რუსეთის წარმატებას ამ გზაზე განაპირობებს ის მახინჯი ღირებულებები, რომელიც მას აქვს. ჩვენ ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, რომლისთვისაც ფასი არ აქვს ადამიანის უფლებებს. ანალოგიური მეთოდებით არ უნდა ვებრძოლოთ", - ამბობს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი გიორგი მოლოდინი.

საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების შესამცირებლად, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა" პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ბიუჯეტიც ნახევარი მილიონი ლარია. მისი მიზანი, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ, მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. წელიწადნახევრის მანძილზე, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში სოფლების მოსახლეობასთან 75-მდე შეხვედრა, თვითმმართველობასთან კი დისკუსიები და სემინარები გაიმართება.

"საინფორმაციო ცენტრის მიზანი, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვებაა. ამ პროექტით გვინდა, რომ პროპაგანდას და ცრუ ინფორმაციას დავუპირისპირდეთ არა პროპაგანდით, არამედ მართალი ინფორმაციით.
პროპაგანდისტული იდეები არის იმისთვის, რომ მოსახლეობაში სკეპტიციზმი გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",
- ამბობს "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი.

ედურდ აივაზიანი სამცხე-ჯავახეთის ამბებსა და სომხურ თემთან დაკავშირებულ სიახლეებს სომხურენოვან ვებ-გვერდზე ათავსებს. მედია ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ პრორუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე ეთნიკური უმცირესობები დგანან, რადგან ისინი ძირითადად, რუსულენოვან ტელეარხებს უყურებენ.

„ახლა რომ ჩავრთოთ ნებისმიერი რუსული არხი, ყოველ დღეა სიუჟეტები და თოქ-შოუები ნატოს, ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ეთნიკურად სომხების ნაწილმა არ იცის ქართული და იძულებულები არიან უყურონ რუსულ არხებს“, - ამბობს მედია ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. ედუარდ აივაზიანის თქმით, გამოსავალი უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაა.

მის მოსაზრებას ამყარებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის თანახმად, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსეთის პირველ არხს 22%-იანი , ხოლო როსია 24-ს 7%-იანი ნდობა ჰქონდა. 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება მოახდინა მედიის განვითარების ფონდმაც. ორგანიზაციამ 2018 წლის 1 მაისიდან – 15 ნოემბრამდე კვლევა ჩაატარა და ის მედია გზავნილები შეისწავლა, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

კვლევის პერიოდში რუსეთის პირველი არხის და როსია 24-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების დაკვირვება მოხდა. შვიდ თვეში 407 ანტიდასავლური გზავნილიდან ყველაზე მეტი აშშ-ს და სირიაში აშშ-ს მეთაურობით მოქმედი კოალიციის წინააღმდეგ იყო მიმართული (46,4%)



კვლევის მიხედვით, ყალბი ინფორმაციებიდან რესპონდენტებისთვის ყველაზე დამაჯერებელი ის დეზინფორმაცია აღმოჩნდა, რომლის თანახმად, ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებს უჭერს მხარს, რათა ნავთობის რესურსები მოიპოვოს (79,7%),

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკული ლაბორატორია საქართველოში ეპიდემიების წყაროა, დამაჯერებელი რესპონდენტთა 59,4%-ისთვის აღმოჩნდა.

მოსახლეობის 59,4% ფიქრობს, რომ რუსული ბაზარი უფრო სტაბილურია, ვიდრე ევროკავშირის.

რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა სანდოდ მიიჩნია ცრუ ინფორმაცია, რომ ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს - 56,2%. 

დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატოში ინტეგრირების შემთხვევაში, საქართველოში თურქეთის ჯარის ინტერვენცია მოხდება, დამაჯერებელი რესპონდენტთა 45,3%-თვის აღმოჩნდა.
| Print |